Logo
სიახლეები
თანამშრომლები
თამაზ-დაუშვილი-დიო - ინოვაციური აზროვნების 22 წელი

თამაზ-დაუშვილი-დიო - ინოვაციური აზროვნების 22 წელი

„დიო“-ს ბიზნეს ისტორია საქართველოში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად იწყება. 1992 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამ ქართული ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებები სრულიად შეცვალა.
ბიზნესის ცნება საბჭოთა ცნობიერებისათვის უცხო იყო, საჭირო გახდა ცვლილებები ჩვენს საქმიანობასა და ცხოვრების სტილში. კომპანია „დიო“-ს დამფუძნებელმა ირმა დაუშვილმაც თავისი ბიზნეს საქმიანობაც ამ პერიოდში დაიწყო. გასულ წელს კი, ის გახდა პირველი ქართველი ქალი “ Veuve Clicquot“ სახელობის საქმიანი ქალის ჯილდოს მფლობელი.

 

Veuve Clicquot ეს არის ჯილდო განკუთვნილი ქალებისათვის, მათი ინოვაციური აზროვნების, თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევის წასახალისებლად. ჯილდო ყოველწლიურად მსოფლიოს 27 ქვეყანაში გაიცემა. დღესდღეობით ეს ჯილდო საქმიანი ქალების „ოსკარად“ მოიაზრება.


Veuve Clicquot -ს კონკურსი შარშან პირველად ჩატარდა და პრიზის მფლობელი კომპანია „დიო“-ს დამფუძნებელი ირმა დაუშვილი გახდა. მან სრულად დააკმაყოფილა ნომინანტების შესაფასებელი კრიტერიუმები და გახდა 2018 წლის ბრენდის ელჩი, ფრანგულ ვენახებში კი ვაზის ერთ ძირს მისი სახელი - „ირმა“ დაერქმევა.


ირმა დაუშვილი, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი: „ეს ჯილდო ახალი ენერგიის მომცემი აღმოჩნდა. 22 წლის შემდეგ შეიძლება დაფიქრდე და ეჭვი შეგეპაროს, ხომ არ დაიღალე, იქნებ შემოგელია იდეები, იქნებ აღარ ხარ ისეთი მმართველი? ასეთი სიახლე ყოველთვის გაძლევს ახალი საქმის კეთების სტიმულს. შეძახილივით აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი ვიმუშავო, არ გავჩერდე და წინ ვიარო.“


სტიმული - საკუთარ თავზე მეტი იმუშაოს, კიდევ ერთი სიახლის მიზეზი გახდა: გადაწყვიტა, კვლავ ესწავლა უნივერსიტეტში. მაგისტრის ხარისხისთვის მენეჯმენტის განხრით შეფილდის უნივერსიტეტში ჩააბარა.


კომპანია „დიო“-ს დამფუძნებლისთვის Veuve Clicquot-ს ჯილდო 2017 წელს არც პირველი, და არც ბოლო აღიარებაა. ეს პერიოდი 22 წლიანი საქმიანობის შეჯამების ეტაპად იქცა. ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, კომპანიამ წლის მანძილზე არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა და არაერთი გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. მათ შორის იყო „წლის ბიზნესი“-ს სტატუსი.


  ირმა დაუშვილი: „არ არსებობს არც ერთი კომპანია, არ არსებობს არც ერთი მმართველი საკუთარი გუნდის გარეშე. ამით შეფასდა არა მხოლოდ ხელმძღვანელის, არამედ მთელი გუნდის მუშაობა. მნიშვნელოვანი იყო მარტში ჩატარებული კონკურსიც „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც USAD-ის პროექტით ჩატარდა და კონკურსი მიზნად ისახავდა საქართველოში მოქმედი კომპანიების გამოვლენას, რომლებიც ხელს უწყობენ ქალებს მიიღონ განათლება და მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობის სრულყოფილი რეალიზება. ვავსებდი ანკეტას და ვგრძნობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ: ეს იყო ის კონკურსი, სადაც აუცილებლად უნდა მიგვეღო მონაწილეობა. გენდერული ბალანსი ჩვენს კომპანიაში კარგადაა დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბიზნესის სპეციფიკა ქალბატონებზე ნაკლებადაა მორგებული, მენეჯმენტში საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი სუსტი სქესი, თუნდაც 3 დამფუძნებლიდან 2 ქალბატონია. როგორც ქალ ლიდერს, კარგად მესმის მათი და მხარს ვუჭერ გადაწყვეტილებებში. გარდა ამისა კომპანია „დიო“-ს საკადრო პოლიტიკა მიმართულია თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მუდმივ პროფესიულ ზრდაზე. ჩვენ ვაფინანსებთ თანამშრომლების სწავლებას, 2016 წელს გადავამზადეთ ქალი თანამშრომლები თითქმის ყველა განყოფილებიდან. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ 2017 წლის ბოლოს კომპანია „დიო“ ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპლემენტაციასაც შეუერთდა.


ქალის უფლებების გაუმჯობესება, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც არაერთხელ გამხდარა ირმა დაუშვილის ინტერესების საგანი. ის არასდროს ამბობს უარს, ჩაერთოს გენდერული საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა კერძო კომპანიებში შრომითი უფლებები, მათ შორის დეკრეტული შვებულება და სხვა.


ირმა დაუშვილი: „დღეს გენდერის კუთხით ბევრად წინ არის საქართველო წასული, ვიდრე 25 წლის წინ, როდესაც ბიზნეს საქმიანობას ვიწყებდი. ქალებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს საკუთარი თავი და იპოვეს ადგილი უამრავ წამყვან სფეროში. საკუთარ თავზე აიღეს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკონომიკის განვითარებაში, საქმიანი ქალების მხარდასაჭერად ცოტა ხნის წინ გავერთიანდი ბიზნეს ფედერაციაში „ქალები მომავლისათვის“. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ გუნდური მუშაობა არის უფრო ძლიერი და გამართლებული. გვინდა სხვა ქალბატონებსაც დავეხმაროთ საინტერესო იდეების განხორციელებაში. თუ, ყველაფერს სწორად გააკეთებ, რაც არ უნდა ბევრი დაბრკოლება შეგხვდეს, ბოლოს იდეა მაინც გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერაც, მაგალითად, მე ძალიან გამიმართლა, მეუღლე კარგად გრძნობს იმ საქმის მნიშვნელობას, რასაც ვაკეთებ. ალბათ იმაშიც გამიმართლა, რომ არ იკვეთება ჩვენი ბიზნეს გზები. მეუღლეს განსხვავებული პროფესია აქვს (ცნობილი ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძე). ორივე ჩვენს საყვარელ საქმეს ვაკეთებთ.


ირმა დაუშვილის ბიზნესში ოჯახის სხვა წევრებიც არიან ჩართულნი, „დიო“ ოჯახური საქმეა. 22 წელია, ირმა დაუშვილი საყვარელ საქმიანობას და-ძმასთან ერთად მართავს. ამბობს, რომ პარტნიორებში განსაკუთრებით გაუმართლა. თამარ და თამაზ დაუშვილებმა ერთობლივ საქმეს დიდი პასუხიმგებლობით გაუძღვნენ.


თამაზ დაუშვილი, კომპანია „დიოს“ თანამფუძვნებელი და აღმასრულებელი დირექტორია : „თავიდანვე ორიენტირებული ვიყავით ხარისხზე, რაც ბოლომდე შევინარჩუნეთ. ჩვენი წარმატების მთავარი წინაპირობა სწორედ ხარისხია, რაც იშვიათი შემთხვევაა ჩვენს რეალობაში. კომპანიის საერთო მარკეტინგული სტრატეგია თავიდანვე მდგომარეობდა შემდეგში: ჩვენ ვყიდით ხარისხიან პროდუქციას, ამიტომ აუცილებლად უნდა გავამართლოთ მომხმარებლის მოლოდინი. მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ პროდუქტი, რომელშიც დღეს თანხა გადაიხადა, მას ათწლეულების მანძილზე მოემსახურება”.

მნიშვნელოვანია ასევე, სწორად მართო ფინანსები, რასაც საკმაოდ კარგად უძღვება თამარ დაუშვილი. გადანაწილებული გვაქვს ჩვენი ფუნქციები და გვაქვს მაღალი ნდობის კოეფიციენტი, როგორც პარტნიორებში, ასევე მენეჯერებს შორის. ჩვენგან თანამშრომლები იშვიათად მიდიან. ბევრ მათგანს 20-22 წლიანი სტაჟი აქვს „დიო“-ში მუშაობის.“


თამარ დაუშვილი, „დიოს“ თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი: „მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახიდან მოგვდევს. ჩვენი უპირატესი მიმართულებაა იყო სამართლიანი ხელმძღვანელი და მენეჯერი. მთელი „დიო“-ს გუნდი მომართულია მომსახურების მაღალ ხარისხზე, ამის ინდიკატორია კმაყოფილი მომხმარებელი. ამ დამოკიდებულებას იზიარებს ყველა ჩვენი თანამშრომელი და ვაღწევთ სასურველ შედეგებს. წარმატება არის ყოველი ადამიანის მიზანი, წარმატება არ ნიშნავს ბედნიერებას, მხოლოდ ბედნიერი ადამიანია წარმატებული, და ადამიანი ბედნიერია, როდესაც აქვს თავის საქმე, იცის სად დგას, რას აკეთებს, და რა შეუძლია.“


ფარდა-ჟალუზების თორმეტი სახეობა ბინისა თუ ოფისისათვის, მწერებისაგან დამცავი ბადეები, მარკიზები (ტენტები) დისტანციური მართვით, ავტოფარეხის კარები ავტომატური მართვის სისტემით, გარე დამცავი ჟალუზები, სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები ხმისა და ტემპერატურის ძლიერი იზოლაციით, ჭიშკრები პულტზე მართვის სისტემით, გარე ჰორიზონტალური ჟალუზები დაწესებულებების ფასადებისთვის, შემინვის სისტემები და კიდევ უამრავი დასახელების პროდუქცია დღეს კომპანია „დიოს“ სავიზიტო ბარათია. კომპანიას გააჩნია თანამედროვე სტანდარტების საწარმო, სადაც 60 დასახელების პროდუქტს ევროპული ხარისხით აწარმოებს. მისი ფილიალები გაშლილია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში. იგეგმება ახალი საწარმოს გახსნაც. კომპანია ალუმნის მიმართულებითაც აპირებს განვითარებას.


„დიო“ დღეს არის კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარს სტანდარტებსა და ტენდენციებს, მრავალწლიანი გამოცდილებით და ონოვაციური მიდგომებით კარნახობს.
ირმა დაუშვილს სამომავლო მიზნებსა და ოცნებებზე ხმამაღლა საუბარი არ უყვარს, თუმცა გულის სიღრმეში აქვს ერთი სურვილი, რასაც გამომშვიდობებისას მაინც მიმხელს: სჯერა, ერთ მშვენიერ დღეს „დიო“ გადაიქცევა უდიდეს კორპორაციად, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება და უამრავი საინტერესო იდეა შეისხამს ფრთებს. 

წყარო: ჟურნალი ,,სახეები და სახე(ლ)ები

15
თებ
2018
phone