(+995 32) 236 11 12
სიახლეები
თანამშრომლები
ინტერვიუ «დიოს» აღმასრულებელ დირექტორ თამაზ დაუშვილთან.

ინტერვიუ «დიოს» აღმასრულებელ დირექტორ თამაზ დაუშვილთან.

ინტერვიუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მწარმოებელ კომპანია „დიოს" აღმასრულებელ დირექტორ თამაზ დაუშვილთან
 
– როგორც ბიზნესმენი, როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ, როგორ აღგიქვამენ როგორც ბიზნესმენს და ხართ თუ არა კომფორტში, როგორც მოქალაქე, როგორც პროფესიონალი?
 
– როგორც საქართველოს მოქალაქე, დაინტერესებული ვარ, რომ საზოგადოებაში დამოკიდებულება ბიზნესისადმი იყოს ჯანმრთელი, ანუ ისეთი, როგორც ჩვენს ტრადიციებს ეკადრება. დრო, როდესაც ბიზნესმენები აღიქმებოდნენ სხვა ფენად, რომელიც ფულს შოულობდა და ამით თითქოს სხვა ადამიანები ზიანდებოდნენ, დასრულდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის პირველ წლებში ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, როდესაც ძალიან ველური კაპიტალიზმი იყო საქართველოში. ამას პირველ ხანებში ბიზნესი არ ერქვა და ეს საქართველოში შემორჩენილი ქონების დატაცებას უფრო გავდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ბიზნესმენების მიმართ იყო აგრესიული დამოკიდებულება და მაშინ ეს ალბათ გამართლებული იყო.
 
– დამოკიდებულება შეცვლილია?
 
– მე ვფიქრობ, რომ შეცვლილია იმიტომ, რომ თვითონ ბიზნესმა მოახერხა, რომ საბოლოო ჯამში თავად გაჯანსაღდა, მიყვა პროცესს, რომელიც ქვეყანაში ვითარდებოდა.  დამეთანხმებით, ეს ის ქვეყანა აღარ არის, რომელიც 20 წლის წინ იყო. ბიზნესმა ისწავლა გადასახადების გადახდა, სოციალური პასუხისმგებლობის აღება და მან პირველ რიგში თავის თავს დაუსვა ამოცანა, საზოგადოებასთან ახლოს ყოფილიყო. მომხმარებელზე ზრუნვა წარმოადგენს ბიზნესის საწყისს და ვფიქრობ, რომ ამჟამად ბიზნესი და საზოგადოება ძალიან დაახლოებულია.
 
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ ბიზნესიც გაიზარდა და საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვალა. მაინტერესებს, ადამიანი, რომელსაც სხვაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, დღეს აღიქმება მოქალაქეების მხრიდან, რომ ის ამას დამსახურებულად იღებს, საკუთარი შრომით, თუ კიდევაა  დარჩენილი წყალგამყოფი? 
 
– გარკვეულწილად, ეს ალბათ ყოველთვის იქნება მიუხედავად იმისა, რამდენად განვითარებულია ქვეყანა. იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც ექნებათ გარკვეული შური მათდამი, ვისაც მეტი შემოსავალი აქვთ და ბევრს მიაღ წიეს. მაგრამ ჩემ მაგალითზე ამას ვერ ვგრძნობ განსაკუთრებულად, რადგან მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანებთან ახლოს ვიყოთ, ჩვენი ბიზნესი იყოს გამჭვირვალე და ყოველთვის ვგრძნობდეთ ხალხის გულისცემას. ამასწინათ სტატიას გადავაწყდი, სადაც „იკეას“ დამფუძნებელი ამბობს, მე სანამ რაიმეს შევიძენ, დავფიქრდები, შეძლებდა თუ არა ამის შეძენას ჩემი თანამშრომელიო. ეს არის შვედეთი, სადაც  სოციალურად ორიენტირებული ბიზნესი და გარემო დიდ ტრადიციას ითვლის, მაგრამ ჩემი აზრით საქართველოშიც შეუძლია ბიზნესს, ასე იფიქროს და თავის საქმიანობას ამ კუთხითაც შეხედოს – თუ რამდენად აღემატება მისი შემოსავლები მოსახლეობის საშუალო ფენის შემოსავლებს და რისი გაკეთება შეუძლია, რომ ეს ზღვარი იყოს მინიმუმამდე დასული. 
 
– აქვს თუ არა მნიშვნელობა საზოგადოების განწყობების შექმნაში ხელისუფლებას, რომელიც არის არჩეული და ქმნის გარემოს ბიზნესისთვის? ხელისუფლების დამოკიდებულება არის თუ არა გადამდები საზოგადოებაზე? პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ბიზნესს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნა. დაეთანხმებოდით მის ამ განცხადებას?
 
– მე შემიძლია გითხრათ, რომ კომფორტული გარემოა. უკეთესიც შეიძლება ყოფილიყო, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ახლა ქვეყანაში არის კარგი და კომფორტული გარემო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. მიხარია, რომ  ბიზნესის კეთების პირობები საქართველოში ცვლილებების შესაბამისად უკეთესობისკენ იცვლება. მაგალითად, მხედრიონის პერიოდში მაშინდელმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ ბიზნესი დაეცვა მხედრიონისგან და განუკითხაობისგან. შემდეგ ახალი გამოწვევები დადგა და შემდეგმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ბიზნესი დაიცვა ყოველდღიური რეკეტისგან ყველა დონის მაკონტროლებლის მხრიდან. ახლა გვაქვს სხვა ტიპის ცვლილებები, როდესაც უფრო იოლი ხდება ურთიერთობები მთავრობასა და ბიზნესს შორის. თუმცა ჩვენი ბიზნესის მაგალითზე ვერ ვიტყვი, რომ წინა წლებში რაიმე პრობლემა იყო.
 
– კომფორტს რა ქმნის ბიზნესმენისთვის? ანზორ ქოქოლაძემ, რომელიც თქვენამდე იყო ამ გადაცემის სტუმარი, თქვა, რომ მისთვის კომფორტია, როცა ხელს არ უშლიან...
 
– რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, ესაა საჭირო ბიზნესისთვის. მაგრამ იმ დროისთვის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და როდესაც საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მთავრობის მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობას. არსებობს უამრავი სააგენტო, უამრავი თანხა იხარჯება, რაც კარგია. უბრალოდ, სასურველია, რომ ეს უფრო ეფექტური იყოს. შესაძლოა გაიხსნას გარკვეული საწარმო მთავრობის ხელშეწყობით, მაგრამ ეს არ იყოს ეფექტური. როდესაც ბიზნესი იწყებს საქმიანობას ან უკვე ოპერირებს, მას აქვს გარკვეული შეხება მუნიციპალურ პრობლემებთან (გაზი, გზა, ელექტროენერგია), სადაც, თუ შევადარებთ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას, რომლისთვისაც  ეს არის ძალიან ადვილად გაკაფული გზა. ბიზნესის შემთხვევაში კი ეს ვერ წესრიგდება, რადგან ამის სახსრები არ არის გათვალისწინებული კონკრეტულ ბიუჯეტში. მე ვისურვებდი, რომ ამ თვალსაზრისით იყოს მეტი ყურადღება ბიზნესისადმი და იყოს გარკვეული კომუნიკაციის არხები. შეიძლება მსხვილ ბიზნესს, რომელიც გარკვეულ ასოციაციებშია გაწევრიანებული, ეს იოლი იყოს,  მაგრამ არის უამრავი საშუალო და მცირე ბიზნესი, რომელსაც აქვს ამის პრობლემა და ასეთი ტიპის სირთულეებს ვერ აგვარებს. როდესაც ვამბობ „სახელმწიფოს“, აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას, არამედ თანამდებობის პირებს საშუალო და დაბალ დონეზე, ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც გარკვეული შეხება აქვთ ბიზნესთან და შეუძლიათ ზემოქმედება იქონიონ მათზე.
 
– თქვენ მოკლედ მიმოიხილეთ, სხვადასხვა მთავრობის პერიოდში რა გაუმჯობესებები იყო. შეგიძლიათ გვითხრათ, სააკაშვილის და დღევანდელი ხელისუფლება – ალბათ უფრო ივანიშვილის ჰქვია, ვიდრე ღარიბაშვილის – რით განსხვავდება ბიზნესისადმი დამოკიდებულების კუთხით?
 
– ზოგადად თუ შევაფასებთ, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ჩვენი კომპანიის მაგალითზე. პრინციპში იმ პერიოდში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა. თუ შევადარებთ უფრო ძველ პერიოდს, ძალიან დიდი ენერგია იხარჯებოდა სახელმწიფოსთან ბრძოლაში და ყოველი დღე იყო თავის დაცვა, იყო ბევრი მაკონტროლებელი და ბიზნესი იძულებული იყო იმ თამაშის წესებით ეთამაშა, რაც მაშინ იყო.
 
– კორუფციას გულისხმობთ?
 
– დიახ, და ეს ძალიან არასასიამოვნო პროცესი იყო. ყველაზე ცუდი მხარე ბიზნესისთვის სწორედ ეს იყო – როცა რაღაცას აკეთებ, რაც მთლად არ ჯდება კანონის ფარგლებში, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს. ამის შემდეგ გამარტივდა ბიზნესის კეთება, შემცირდა გადასახადების რაოდენობა, გაუმჯობესდა საბაჟო და საგადასახადო სტრუქტურები. ჩვენ მაშინ პატარა ბიზნესი ვიყავით და ეს საკმაოდ დიდი შვება იყო. ამას დავამატოთ ის, რომ უამრავი ინვესტიცია განხორციელდა, რაც აისახა ყველა ბიზნესზე და გაიზარდა ბიზნესის შემოსავლები და დასაქმების დონე. 2004 წლამდე ჩვენ კომპანიაში მუშაობდა 30–მდე ადამიანი. სამი წლის წინ 90, ახლა კი 100–ზე მეტი ვართ. შესაბამისად, ავაშენეთ ახალი ქარხანა, გავხსენით ახალი ფილიალები და ა.შ. და არა მხოლოდ ჩვენ. იყო პრობლემები, ჩვენდა საბედნიეროდ ჩვენ ეს არ შეგვეხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იყო. იყო გადაცდომები, რასაც ახლა ვისმენთ და ვუყურებთ და უამრავი ბიზნესმენი და კომპანია არსებობდა, რომლის მიმართაც იყო არასამართლიანი დამოკიდებულება. იმედია, ისინი მოახერხებენ და აღიდგენენ თავიანთ უფლებებს, რა თქმა უნდა, შესაბამისი გზებით. რაც შეეხება ახლანდელ პირობებს, ისევ და ისევ ჩვენი კომპანიის მაგალითზე მიმაჩნია, რომ არის საშუალება კიდევ უფრო განვვითარდეთ. „აწარმოე საქართველოში“ ძალიან კარგი პროგრამაა და ვფიქრობ, რომ ვისარგებლოთ ამ პირობებით.  2013 წელი ეკონომიკურად ნაკლებად აქტიური იყო, ეს აისახა ბიზნესზე, 2014 წელი შედარებით უკეთესი იყო და იმედი გვქონდა, რომ 2015 კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვალუტის დევალვაციამ შეანელა ეკონომიკის ზრდა და ეს ძალიან ბევრ ბიზნესზე აისახა უარყოფითად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს  მხრიდან არანაირი ხელის შეშლა არ არსებობდა, ეს არის რეალობა, რომელიც ამ მომენტში ძალიან ბევრ ბიზნესს აწუხებს.
 
– თქვენ ახსენეთ პრობლემები, რომლებიც ბიზნესს ჰქონდა – როგორც თქვენ თქვით, თქვენ ისინი არ შეგხებიათ. მაგრამ გსმენიათ ამის შესახებ – დღეს ასეთი პრობლემების შესახებ გსმენიათ?
 
– არა, თუკი ეს არ შუქდება ტელევიზიით...
 
– არც მაშინ შუქდებოდა ტელევიზიით...
 
– მართალია, მაგრამ სხვა ტელევიზიები არსებობდნენ, რომლებიც აშუქებდნენ. ახლა ნამდვილად არავისგან არ მსმენია, რომ სახელმწიფოს ან მისი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლა არსებობს.
 
– საუბრობდით, რომ 2015 წელს იყო უკეთესობის და წინსვლის მოლოდინი. ბიზნესსაც ჰქონდა ეს მოლოდინი, მაგრამ ვალუტის დევალვაციამ ყველაფერი უკან დახია და ეკონომიკური ზრდა დიდწილად შეაფერხა. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი დოზით ქართულ ეროვნულ ვალუტაზე არ ასახულიყო კრიზისი?
 
– ჩემი აზრით, შეიძლებოდა სხვა ტიპის მოქმედებები, რათა ნაკლები ზემოქმედება ჰქონოდა აღნიშნულ ფაქტორს ბიზნესზე. ყოველთვის ვეკითხები სხვადასხვა ქვეყანაში როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. გუშინაც იყვნენ ჩემთან პოლონელი სტუმრები, და მათ ვალუტას ასე არ უმერყევია მიუხედავად იმისა, რომ დოლარი ზოგადად გამყარდა. ვფიქრობ, რადგან ჩვენ დამოუკიდებელი ვალუტა გვაქვს, ჩვენ ვაწარმოებთ დამოუკიდებელ სავალუტო პოლიტიკას. შესაბამისად, ჩვენ ვართ დამოკიდებული გარე ფაქტორებზე და ის, რომ ჩვენი ვალუტა დევალვირდა, იმის ბრალია, რომ ჩვენთან ნაკლები უცხოური ვალუტა იყო.  ამის მიზეზი ძირითადად იყო უცხოეთიდან გადმორიცხვები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყნის მთავარი ინვესტორები იყვნენ. მე ყველა მათგანს ამისთვის მადლობას ვუხდი, თუმცა ვერ მოხერხდა ამ თანხის ჩანაცვლება ალტერნატივით.  ანუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. 
 
– როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას უმარტავს ლარის გაუფასურების მიზეზებს, ამ ჩამონათვალში ძირითადად გარე ფაქტორებია და არ არის ფაქტორები, რომლებიც თვითკრიტიკის ელემენტების შემცველი იქნებოდა, რომ „ჩვენ რაღაც ვერ გავაკეთეთ“. თქვენ ხედავთ დამატებით შიდა პრობლემას, რომელზეც არ მახვილდება ყურადღება?
 
– შიდა ფაქტორი არ არის. თუ გარედან ფული ვერ შემოვიდა, ეს ფული თუ დაგვაკლდა, მაგალითად 1 მილიარდი დოლარი, ეს ფული სადღაც უნდა ვიშოვოთ, რადგან ეს აუცილებლად აისახება მოსახლეობაზე და კურსზე. საჭირო იყო დამატებით 500, 600 ან 700 მილიონი დამატებითი რესურსი და ეს საიდანღაც უნდა მოძიებულიყო.
 
– იყო ამის რესურსი? ეროვნულ ბანკს ჰქონდა...
 
– ამ რესურსების ხარჯვა არ შეიძლება
 
– სწორად მოიქცა ეროვნული ბანკი?
 
– დიახ,ეს არის ჩვენი საერთო სიმდიდრე. თითოეული ჯანმრთელი ოჯახი აუცილებლად შეინახავს ფულს ყველაზე უკიდურესი დროისთვის. ეს ყველაზე უკიდურესი დრო არ იყო დამდგარი. შესაბამისად, ჩემი აზრით, იყო საჭირო უფრო მეტი აქტიურობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. თუ იქნებოდა უფრო მეტი აქტიურობა, დამატებით 500–600 მილიონი დოლარი გარკვეულწილად შეეშველებოდა კურსის შენარჩუნებას. კურსი რომ შენარჩუნებულიყო 2,0 და 2,1–ის ფარგლებში, ფასები საერთოდ არ აიწევდა და ეს გადანაწილდებოდა კომპანიების მოგებაზე, თუმცა ეს კომპანიებისთვის დრამატული არ იქნებოდა. კომპანიებმა გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნეს ფასები, მაგრამ როდესაც ეს ვეღარ მოხერხდა, ფასები გაზარდეს. 
 
– თქვენი კომპანია დააზარალა ვალუტის კურსის ცვლილებამ?
 
– რა თქმა უნდა. გავზარდეთ ფასები. პირველ ეტაპზე ფასების ზრდა ვერ მოხერხდა და სწორედ აქ იყო ყველაზე დიდი ზარალი: გარკვეული დროის განმავლობაში ელოდები სტაბილურობას, ამ დროს შენი შემოსავლები იკლებს ხარჯების ზრდის გამო, ამასობაში იმედი ქარწყლდება, შემდეგ იძულებული ხდები გაზარდო ფასები. გაზრდილი ფასები კი ამცირებს მოთხოვნას და რეალიზაციას. 
 
– როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ – ანალიზს, რა მოხდა და რა პრევენცია უნდა გაკეთდეს, რომ კვლავ არ გამეორდეს ასეთი ფინანსური შოკი, ვინმე აკეთებს? თქვენ გესმით ანალიზი ხელისუფლების კომპეტენტური წრეებიდან? 
 
– ასეთ ერთმნიშვნელოვან და შეჯერებულ მოსაზრებებს სამწუხაროდ ვერ ვისმენ, ზოგიერთი წარმომადგენელი ერთი მოსაზრებით გამოდის, მეორეს სხვა მოსაზრება აქვს. ვფიქრობ, აკლიათ გარკვეული მოვლენების წინასწარ განჭვრეტა. ამას აკეთებს ყველა კომპანია. როცა რაიმე იცვლება ქვეყანაში. მაგალითად, არჩევნებისა და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ შესაძლებელი იყო, იმ წელს სხვაგვარი ხარჯვითი პოლიტიკა ჰქონოდა მთავრობას ბიუჯეტის მიმართულებით. სწრაფად დავიწყეთ მოქმედება და ჩვენი მიმართულება უფრო კერძო სექტორზე გადავიტანეთ. ჩვენ მივხვდით, რომ უფრო სოციალურ მიმართულებაზე გადავიდოდა მთავრობა, რადგან ასეთი დაპირებები იყო. ჩვენი პროგნოზი გამართლდა. პირველ წელს საბიუჯეტო ხარჯები ინფრასტრუქტურაზე შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ რომ ასე არ გვემოქმედა, ძალიან დავზარალდებოდით. ახლა უნდა გავთვალოთ, მომავალ წელს რომ კურსი რომ დასტაბილურდეს, რა არის ამისთვის საჭირო. 
 
– ქვეყანას 2012 წლის შემდეგ რაღაც პერიოდი მართავდა და ახლაც  გარკვეულწილად პროცესებში ჩართულია ბიზნესმენი, რომელიც ყველაზე მდიდარი ადამიანია ქვეყანაში, ვისაც ფინანსები და ბიზნესიგარემო უკეთ ესმის, თუნდაც ლარის კურსის თემა, ვიდრე შესაძლოა რიგითი პოლიტიკოსი იყოს საქმის კურსში და ამის ანალიზის უნარი შესწევდეს. თქვენ გრძნობთ, რომ ასეთი ტიპის ადამიანი იყო ხელისუფლებაში?
 
– რომ გაგრძელებულიყო მისი ყოფნა, ალბათ უკეთესი იქნებოდა. ადამიანი, რომელსაც ამხელა ბიზნესი აქვს, დარწმუნებული ვარ, მოახერხებდა იმას,  რომ განეჭვრიტა ეს. სამწუხაროდ ასე მოხდა და ის არაა აქტიურ მართვაში. შესაბამისად, მას არ მოეთხოვება ამაზე პასუხი. მართალია, როგორც ინვესტორი გარკვეულ დანახარჯებს ახორციელებს. თუმცა ვფიქრობ, მთავარია მოხდეს ჯანმრთელი ინვესტორების მოზიდვა. ჩვენი მხრიდან არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომ რადგან მდიდარია, ერთმა ადამიანმა აიღოს და ეს ფული დახარჯოს. ხომ შეიძლება ეს გააკეთოს სხვამ, ვისთვისაც შესაძლოა ეს ქვეყანა საინტერესო იყოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მისი მონაწილეობა რომ ყოფილიყო აქტიური და მეტი უფლებამოსილება ქონოდა, ალბათ უკეთესად იქნებოდა საქმე. 
 
– რას ურჩევდით დამწყებ ბიზნესმენებს?
 
– მე მათ ვურჩევდი სცადონ. რომ ვუთხრა, რომ თავი შეიკაონ, ჯერ სამსახური დაიწყონ და ა.შ. არა. მათ უნდა სცადონ. ბიზნესი არის სარისკო საქმე და თუ მას ეს ჟინი კლავს, სურს ამ საქმის კეთება, მას არავინ არ უნდა შეუშალოს ამაში ხელი. ასეთი ადამიანების მიერაა შექმნილი ძალიან ბევრი ბიზნესი. თუმცა თუ მეტი გამოცდილება ექნებათ და არ იჩქარებენ, ცხადია, ჯობია. 
 
– ერთ წელიწადში არჩევნებია. ძალიან მნიშვნელოვანია ვინ რა იდეით მოვა. ალბათ თქვენ დააკვირდებით, განსაკუთრებით ფინანსური და ეკონომიკური მიმართულება ვის როგორ ექნება განვითარებული. რა დაკვეთა გაქვთ პოლიტიკური პარტიების მიმართ როგორც მოქალაქეს და როგორც ბიზნესმენს?
 
– ჩემი სურვილი იქნება, რომ ბიუჯეტის შედგენა იყოს დაბალანსებული. ჩემი სურვილი იქნება, პოლიტიკურმა პარტიებმა ხალხს ნაკლებად მისცენ დაპირებები, რომლებიც ნაკლებად შერულებადია.
 
– მაგალითად როგორი?
 
– ძალიან ბევრი დაპირებაა გაცემული. მაგალითად, იპოთეკარებს რაღაცას გავუკეთებთო. ეს ძალიან სარისკოა, რადგან საუბარია ბიუჯეტის ფულზე, ჩვენს საერთო ფულზე, რომელიც უნდა მოხმარდეს გარკვეული ტიპის ადამიანებს, რომლებმაც გარვკეული რისკი გაწიეს. ითქვა, რომ სოფლის მეურნეობაში დიდი თანხები დაიხარჯებოდა და ამ სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანი ელოდება დახმარებას, რაც აღიქმება ფულადი სახით. ეს კი, მიმაჩნია, რომ არ არის სწორი. ჩვენ გვჭირდება მოსახლეობას ავუხსნათ, რომ მომავალი წლები ეს არის შრომის წლები. შრომისუნარიანი ადამიანი უნდა ეცადოს იშოვოს სამსახური. მას ამის პირობები უნდა ჰქონდეს და მან თავად უნდა შეძლოს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ეს არის მთავარი ამოცანა. თუ ჩვენ ადამიანებს ვეტყვით, რომ სახელმწიფო არის ყველაფრის გამკეთებელი და ისინი სახელმწიფოს შეხედავენ, როგორც რაღაცის მომწოდებელს, ეს მათთვის ძალიან ცუდი იქნება. საჭიროა მეტი ყურადღების მიქცევა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაზე. რაც შეიძლება მეტი საწარმო უნდა გაიხსნას პირველ რიგში მრეწველობაში. ჩვენი ქვეყანა ტურისტული და აგრომრეწველობის ქვეყანაა, მაგრამ სამრეწველო საწარმოების, ინოვაციების გარეშე ვერ ვიქნებით წარმატებული. ამის შემდეგ იქნება მეტი დასაქმება. ადამიანები თავად აარჩევენ რომელ სადაზღვევო კომპანიაში დააზღვიონ საკუთარი ჯანმრთელობა და არ იქნება საჭირო ამდენი სოციალური ხარჯის გაწევა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს
 
რადიო "კომერსანტის" გადაცემა "პოლიტკომერსანტი" ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად. 
30
ოქტ
2015
phone