„ბავშვობიდან მხიბლავდნენ ადამიანები, ბიოგრაფიაში წარმატების ისტორიებით,“ - ამბობს კომპანია „დიოს“ თანადამფუძნებელი და საქართველოს ბიზნეს ლიდერ ქალთა გაერთიანება „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირმა დაუშვილი.
მისი საკუთარი წარმატების ისტორია თავდაუზოგავი შრომის, ბევრი ექსპერიმენტისა და სხვადასხვა სფეროში ძალების მოსინჯვის შემდეგ დაიწყო. 2018 წელს ამ ისტორიაში ახალი ფურცელიც ჩაიწერა, როცა „ოსკარად“ წოდებული, ფრანგული შამპანურის სახლის Veuve Clicquot მიერ წარმატებული საქმიანი ქალებისთვის 1972 წლიდან დაწესებული ჯილდო გადაეცა ინოვაციური აზროვნების, თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის. ცერემონიალზე, რომელიც 2018 წლის 13 ივლისს გაიმართა, შამპანში VUEVE CLICQUOT -ს უნიკალურ ვენახში ვაზის ერთ ძირს „ირმა დაუშვილი" დაერქვა და პირველად ამ სახელოვან ვენახებში ქართული დროშა აფრიალდა.
ირმა დაუშვილი: კომაროვის სახელობის მათემატიკურ სკოლაში სწავლისას, სადაც მოსწავლეების უმრავლესობა ბიჭი იყო, მუდმივად მიწევდა მათთან პაექრობა. მოგვიანებითაც, როდესაც მათემატიკურზე ჩავაბარე, კვლავ ბიჭების გარემოცვაში მოვხვდი. ლექტორები მაინცდამაინც კეთილგანწყობილნი არ იყვნენ სუსტი სქესის მიმართ: მიიჩნევდნენ, რომ სტუდენტებში ჩადებულ მათ შრომას ქალები აუფასურებდნენ, რადგან ქმნიდნენ ოჯახებს და აღარ მიყვებოდნენ მეცნიერებას. შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლებში გამოვიზარდე, რამაც სიახლეების მაძებარ ადამიანად ჩამომაყალიბა.
მეწარმეობაზე არასდროს მიოცნებია. საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, როგორც ყველა, ვისაც ახალი დამთავრებული ჰქონდა უმაღლესი სასწავლებელი, მეც რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. გარდაქმნის, ტრანსფორმაციის პერიოდში ძნელი იყო გზის გაგნება. ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობით გამოწვეულ სირთულეებს საქართველოში მცხოვრები ქალები ბევრად უკეთესად გაუმკლავდნენ, ვიდრე მამაკაცები. შვილებისა და ოჯახების გადასარჩენად მათმა უმრავლესობამ თვითდასაქმებით და თვითრეალიზაციით შეძლო შრომის ბაზრის მკაცრ მოთხოვნებთან ადაპტირება.
მეც, პროფესიით მუშაობის პარალელურად, ჯერ საჯარო სამსახურში, შემდეგ კი ბანკში, მუდმივად ვეძებდი შემოსავლის სხვა წყაროებს. რა სამსახურსაც მთავაზობდნენ და ვფიქრობდი, რომ შესრულება შემეძლო, ყველაფერზე ვთანხმდებოდი. შეჩვეული ვიყავი დაძაბულ რეჟიმში მუშაობას და არადროს გამჭირვებია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება.
ფარდა-ჟალუზების ბიზნესის წამოწყება იმ დროისთვის საკმაოდ სარისკო საქმე იყო, მაგრამ მქონდა ყველაზე მთავარი - ოჯახის მხარდაჭერა. მამისთვის, რომელიც მეცნიერ-იურისტი იყო, უცხო იყო ბიზნესის თემა, მაგრამ მხარი დამიჭირა. გვერდში დამიდგა ძმაც, თამაზის გარეშე ,,დიო’’ ასე ვერ განვითარდებოდა. შემდეგ და შემოგვიერთდა. დღეს ორივე არანაკლები ენერგიით მუშაობს და ქმნის კომპანიის მომავალს.
ბიზნესის საწყის ეტაპზე ფსიქოლოგიურად გამიჭირდა. სამშენებლო ობიექტებზე ძირითადად კაცები მხვდებოდნენ და უკვირდათ ჩემი დანახვა. მთავარი ბარიერი მაინც საზოგადოების უნდობლობა აღმოჩნდა: ბევრი ფიქრობდა, „რა დროს ჟალუზებია, როდესაც ხალხს პურის ფული არ აქვს.“ შეუძლებელი იყო ბანკებთან ურთიერთობაც, საფინანსო ინსტიტუტები ქალის წამოწყებულ საქმეს ხშირად მხარს არ უჭერდნენ (რადგან ბიზნეს-წინადადებები არ ჰქონდათ უძრავი ქონებით განმტკიცებული). 23 წლის შემდეგ ეს ხარვეზი ბევრმა ბანკმა გამოასწორა და დღეს უკვე გვხვდება სპეციალური პროექტები და შეთავაზებები ქალბატონებისთვის.
წლებმა ცვლილებები მოიტანა. დღეს ბევრად მარტივია ბიზნესის წარმოება. ოფიციალური მონაცემებით, ბიზნესის კეთების კუთხით ჩვენი ქვეყანა მე-9 ადგილზეა. მეტნაკლებად წამოიწია გენდერული ბალანსის საკითხმაც, მაგრამ გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ პრობლემებად რჩება. მაგალითად, არ იცვლება ქალზე ძალადობის თემა. რაც უფრო ძლიერია ქალი, მით უფრო ებრძვიან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბევრი წარმატებული და შემდგარი ქალბატონი, ოჯახური მდგომარეობით მარტოხელაა. როგორც ჩანს, ქართველი მამაკაცები არ აღმოჩნდნენ მზად, გვერდით ჰყოლოდათ ძლიერი ქალბატონი. მე ძალიან გამიმართლა, მეუღლე კარგად გრძნობს იმ საქმის მნიშვნელობას, რასაც ვაკეთებ. ალბათ იმაშიც გამიმართლა, რომ არ იკვეთება ჩვენი ბიზნეს გზები. მეუღლე პროფესიით ექიმია და გაგებით ეკიდება ჩემ საქმიანობას. მიაჩნია, რომ საქმიან ქალთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ეს მენტალიტეტი აუცილებლად შესაცვლელია. განსაკუთრებით გამოიკვეთა განათლების პრობლემა. კვალიფიციური კადრების სიმცირეა უამრავი მიმართულებით. მაგალითად, პედაგოგიურ მოღვაწეობას დღეს ძირითადად ქალბატონები ეწევიან და ეს პროფესია დღემდე არ ითვლება პრესტიჟულად (განპირობებულია განათლების სფეროში დაბალი ანაზღაურებით).
ჩვენს კომპანიაში საკმაოდ კარგად არის დაცული გენდერული ბალანსი. მაგალითად, ტოპ მენეჯმენტში 50 პროცენტი ქალბატონებს უკავიათ. პარტნიორები კი ერთი მამაკაცი და ორი ქალი ვართ.
,,ქალები მომავლისთვის“
საქართველოში არსებობს ბიზნეს ლიდერ ქალთა გაერთიანება ,,ქალები მომავლისთვის,“, რომლის ბორდის წევრიც ვარ. ჩვენი მიზანია, დროული რეაგირება მოვახდინოთ ქვეყანაში არსებულ მსგავს პრობლემებზე (პირველ რიგში ეს ეხება ბიზნესის სფეროს). მაგალითად, ვეხმარებით ქალებს ბიზნესის წამოწყებაში, რათა თამამად შეძლონ თავიანთი იდეების განხორციელება. ჩვენ ვერთვებით როგორც განათლების კუთხით (ვაწყობთ სხვადასხვა სახის ტრენინგებს), ასევე თუ საჭიროა, იურიდიული მიმართულებითაც გავუწევთ დახმარებას. მეორე მიზანია, ვიზრუნოთ რეგიონების განვითარებაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე და ა.შ. მნიშვნელოვანია, ქალი მუდმივად ცდილობდეს თვითგანვითარებას. ცოტა ხნის წინ, გადავწყვიტე, კვლავ სტუდენტი გავმხდარიყავი, ჩავაბარე შეფილდის უნივერსიტეტში. ეს გადაწყვეტილება ამ ასაკში საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო - ოჯახსა და სამსახურში ისედაც დიდი დატვირთვა მქონდა. ჩემი დარჩენილი თავისუფალი დრო მთლიანად სწავლამ წაიღო, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია წინსვლა.
წყარო : The New York Times Georgia