Logo
სიახლეები
თანამშრომლები
ინტერვიუ ირმა დაუშვილთან

ინტერვიუ ირმა დაუშვილთან

ინტერვიუ ირმა დაუშვილთან

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი წარმატების ისტორიის შესახებ,  როგორც ვიცით თქვენ ხართ კომპანია „დიო“ – ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. რა ეტაპები გაიარეთ, რა სირთულეებს გადააწყდით და რა ეტაპზე იმყოფებით ახლა.

     კომპანია ,,დიო“ დაარსდა 1996 წელს და იგი საოჯახო კომპანიაა, სადაც ჩემთან ერთად თანადამფუძნებლები არიან ჩემი ძმა-თამაზ დაუშვილი და და-თამარ დაუშვილი. ჩვენ ვაწარმოებთ მზისგან დამცავ სისტემებს ინტერიერისა და ესტერიერისათვის, მეტალოპლასმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარას და საფასადე ვიტრაჟებს.

ყველაფერი კი 90 წლებიდან იწყება, როდესაც დაიწყო ეროვნული მოძრაობა და ცნობილი სამოქალაქო ძვრები ჩვენს ქვეყანაში . 1992 წელს გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიკიდებლობას, სამწუხაროდ, მოჰყვა სამოქალაქო ომი და ძალიან დიდი ეკონომირი კრიზისი.  მე დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტი და სამომავლოდ საკუთარ კარიერას მათემატიკის მეცნიერებაში ვხედავდი. კერძოდ,  სტატისტიკის და ალბათობის პროფესიის მიმართულებით. თუმცა ომის პირობებში პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო სამეცნიერო სფეროში მუშაობა. ყველა იწყებს ბრძოლას გადარჩენისათვის და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობის აღმოჩენას.

ძირითადად ჩნდება ახალი ფორმაცია კერძო საკუთრება და კერძო საქმიანობა. მე 19 წლის ასაკიდან, სტუდენტობის პერიოდშიც, ვამზადებდი ბავშვებს მათემატიკაში და თავიდანვე მქონდა კერძო საქმიანობის გამოცდილება, თუმცა იმ მძიმე პერიოდში ოჯახებს ნაკლებად ჰქონდათ შესაძლებლობა კერძო მასწავლებელთან მომზადების. პარალელურად, მუშაობა დავიწყე ჯანდაცვის სამინიტროს გამოთვლით ცენტრში. შემდეგ ვმუშაობდი შემნახველ ბანკში, სადაც ჩემი ხელფასი შეადგენდა მხოლოდ 150 კუპონს.

1994 წლის აპრილის თვეში გადავწყვიტე ბანკიდან წამოსვლა და მეგობრებთან ერთად კერძო საქმიანობის დაწყება.  კარგად გამომდიოდა ნამცხვრების ცხობა და ჩემი პირველი მცდელობაც ეს იყო. შემდგომ, სხვადასხვა მცირე საქმიანობებს ვიწყებდით, ხან საბითუმო ვაჭრობა, ხან მედიკამენტების რეალიზაცია. ბიზნესის აწყობა იმ პერიოდში დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. არ გვქონდა სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მხოლოდ ინტუიციასა და შრომაზე იყო დამოკიდებული წარმატება, ამიტომ  ბიზნესის  გაზრდას ვერ ვახერხებდით. ჩვენი მეგობარი, რომელიც მაშინ ჩემი პარტნიორიც იყო, ოჯახთან ერთად პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად და გამომიგზავნა ჟალუზების კატალოგი და ნიმუშები. ძალიან დამაინტერესა ამ ახალმა პროდუქტმა და დავიწყე დამკვეთების მოძიება. თავიდან საკმაოდ რთული იყო პროდუქტის გაყიდვა თუმცა, ნელ-ნელა მოვიძიეთ პირველი დამკვეთები და 1996 წელს უკვე ჩემ და ძმასთან ერთად დავაარსეთ ,,დიო“.

კომპანია დიო წელს 28 წლის ხდება. ( 13 მარტს) დღემდე წამყვანი პოზიცია გვიჭირავს საქართველოს ბაზარზე. ვაწარმოებთ 80-მდე სხვადასხვა სახის პროდუქციას, გვაქვს 3 თანამედროვე საწარმო –  2 თბილისში და 1 ქუთაისში. ფილიალები ბათუმში, ქუთაისსა და თელავში და  წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. დასაქმებული გვყავს 200 მდე თანამშრომელი და დღემდე ორიენტირებულები ვართ საუკეთესო ხარისხიანი პროდუქცია და სერვისი მივაწოდოთ ჩვენს მომხამრებელს.

რა იყო თქვენი მიზანი/მისია როდესაც ქმნიდით კომპანიას.

ბიზნესის დაწყება იყო ერთმნიშვნელოვნად მცდელობა გადაგვერჩინა თავი შიმშილისაგან და გაჭირვებისაგან, რაც 90-იან წლებში იყო. როცა უკვე დიო დავაარსეთ, პრაქტიკულად ნულოვანი კაპიტალით, ვნახეთ, რომ დღითიდღე  ჩვენს პროდუქციას მოწონება ქონდა და უფრო და უფრო პოპუარული ხდებოდა. რადგანაც მაშინ მზა პროდუქციის სშემოტანა პრობლემებთან იყო დაკავშირებული ამან მიგვაღებინა გადაწყვეტილება  შეგვექმნა პირველი ქართული წარმოება და გავმხდარიყავით წარმატებულები ჩვენს სფეროში. იმ პერიოდში ჩვენ საქართველოში შემოვიტანეთ ნაკლებად ცნობილი პროდუქტები, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟალუზები.  ძალიან სასიამოვნოა, რომ დღემდე ჟალუზები ასოცირდება კომპანია დიოსთან.

რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მზაობა წარმატებისთვის. აუცილებელია თავად გჯეროდეს იმ იდეის რასაც წამოიწყებ, შემდგომ კი  გვერდით გყავდეს ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან შენსავით იბრძოლონ მიზნისთვის. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები სწორედ ჩემი და-ძმა იყვნენ. საწყისიდან ერთად მოვდივართ და დღემდე დიო-ს განვითარებაზე ვზრუნავთ. წარმატებას მარტო ვერ მიაღწევს მას შენთან ერთად ქმნიან მოტივირებული ადამიანები. საბედნიეროდ  დიო-ს  ჰყავს ძლიერი კვალიფიციური პროფესიონალი გუნდის წევრები და რაც მთავარია კმაყოფილი მომხმარებელი.

რა არის ის ერთი რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს წარმატებული კარიერის შესახებ.  ქალებს აკლია თავდაჯერებულობა და გამბედაობა, როცა გაქვს იდეა უნდა

პირველრიგში, თუ აქვთ იდეა, აუცილებად უნდა სცადონ მისი განხორცილება და გვერდით დაიყენონ ის ადამიანები ვინც ამ იდეის განხორციელებაში დაგეხმარებიან. წარმატება მარტო არ მოდის, მას ქმინს გუნდი. გუნდთან ერთად კი ყველაფერი შესაძლებელია. აუცილებელია მუდმივი ზრუნვა საკუთარ განვითარებაზე და სწავლაზე. დღეს ძალიან დინამიური ცხოვრებაა, ძალიან სწრაფად იცვლება გარემო და მნიშვნელოვანია არ ჩამორჩე მას. ოჯახის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია, რადგან ქალი რეალურად ძალიან მიჯაჭვულია ოჯახს. ბალანსი ოჯახსა და საქმიანობას შორის ერთერთი გამოწვევაა. პირადად,  მე,  ჩემი  ოჯახის, მეუღლუს მხარდაჭერის გარეშე გამიჭირდებოდა მიზნების განცხორციელება. ამ მხარდაჭერის შედეგია,რომ დღეს 3  ბიზნესის ვხელმძღვანელობს. სამკურნალო გამაჯანსაღებელ კურორტ ,,ნუნისის“  თანადამფუძვნებელიც ვარ და სულ 2 წელია , რაც მეუღლესთან ერთად გავხსენით სრულიად უნიკალერი სამკურნალო ცენტრი ,, ჰერბიონა- დავით ვაშაძის ფიტობალნეოთერაპიის ცენტრი“ .

ქალებს სჭირდებათ მხარდაჭერა, მოტივაცია და აღიარება.

და ბოლოს, შემოვიფარგლებით ტრადიციული კითხვით, რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს.

ვფიქრობ, ყველა ქალს პირველ რიგში თავად უნდა სურდეს წარმატება და თავის წარმოსახვაში წარმოდგენილი ჰქონდეს როგორია ეს წარმატება. ვურჩევდი იყოს უფრო გამბედავი, შეცდომების არ შეეშინდეს, არ დანებდეს , რადგან წარმატება უცებ არ მოდის ბიზნესში, მას დიდი შრომით თავად ქმნი განათლებაზე და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობით. იყოს განსხვავებული. წარმატება არის უდიდესი პასუხისმგებლობა.

ბოლოს კი ვეტყოდი  წარმატებისკენ სავალი გზა რთულია, მაგრამ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე.

 

წყარო: ICC Georgia

 

18
მარ
2024
phone