როცა მისი ცხოვრების მთავარ ამბავზე ეკითხები, ბოლო დროის ამოჩემებულ იგავ–არაკს იხსენებს: რძეში ჩავარდნილ ორ ბაყაყზე, რომლიდანაც ერთი დახრჩობას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ იქამდე არ დანებდა, ვიდრე რძე კარაქად არ აქცია. ირმა დაუშვილის პირადი ფილოსოფიაც ასეთია: იბრძოლე და არ დანებდე წინააღმდეგობებს! ბრძოლა კი სტუდენტობიდან იწყება, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან ერთად. მის ცხოვრებაში იყო „მრგვალი მაგიდაც“ და სტუდენტური პროტესტიც, 1989 წლის აპრილის მოვლენებიც და 1992 წლის სამოქალაქო ომიც. საკუთარი ხასიათი არასოდეს აძლევდა საშუალებას მოვლენებისთვის გვერდიდან ეყურებინა – ამიტომ იდგა თბილისის ქუჩებში, მათ შორის ტყვიების ზუზუნშიც.
ბრძოლის მოყვარულმა პროფესიაც რთული აირჩია. ირმა დაუშვილი მათემატიკოსია, დედასავით. იყო პერიოდი, როცა დიპლომატობა უნდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. აქ გადამწყვეტი როლი მამამ შეასრულა – შუათანა ქალიშვილი რუსეთში ან უკრაინაში სასწავლებლად არ გაუშვა, თბილისში კი მაშინ ამ პროფესიას არსად ასწავლიდნენ. როცა საბოლოდ მათემატიკას დაუბრუნდა, აქ პირველად შეეჯახა გენდერული უთანასწორობის აღქმას. „ჩვენს ფაკულტეტზე ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ქალები მაინცდამაინც არ უყვარდათ. გვიწევდა იმის მტკიცება, რომ მათემატიკის სწავლა კაცებივით შეგვეძლო“.
როცა 90-იან წლების საქართველოში გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო, ბუნებით მაქსიმალისტი და უკვე დიპლომირებული მათემატიკოსი მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში იწყებს. აქ უნივერსიტეტისგან განსხვავებით, მთელ გუნდში ერთი გოგო იყო ბიჭების გარემოცვაში. როცა ეს სამსახური დაიშალა, შეძლო და „შემნახველ ბანკში“ ინჟინერ–ოპერატორად დასაქმდა. მერე იყო რეპეტიტორობა, ნამცხვრების ცხობა, წამლების იმპორტი, მუშაობა ავიაბილეთების სალაროში და ცოტა ხნით მთავრობის კანცელარიაშიც.
კითხვაზე, რა იყო რთულ 90-იან წლებში ბიზნესის დაწყების მოტივაცია? ირმა დაუშვილს მარტივი პასუხი აქვს – სურდა ოჯახის მაშინდელი ყოფა შეეცვალა. შეცვალა, თავისიც და სხვისიც, უკვე 23 წელია ასეა!
ცვლილებები, მეგობრის რჩევით, ჟალუზების ბიზნესით იწყება, ანუ „ირმას ბიჭებით“, როგორც მაშინ ირმა დაუშვილის კომპანიას ნაცნობები ეძახდნენ. 1994 წელს ჟალუზების შესახებ საქართველოში ცოტამ თუ იცოდა, შესაბამისად, ირმას პირველი დამკვეთებიც დიპლომატიური უწყებები და სამშენებლო კომპანიები იყვნენ. თუმცა ეს საკმარისი არ იყო და ამიტომ დამკვეთებს ყველა გზებით პირადად ეძებდა. „ქალი რომელიც მათემატიკოსობაზე ვოცნებოდი, მიწვედა ქუჩაში სიარული და დამკვეთების მოძიება, ეს არ იყო ადვილი“, – ბიოგრაფიის ამ ნაწილს ირმა დაუშვილი ემოციურად იხსენებს. „უცხო ხილი“ საქართველოში ჩარტერული რეისებით ჩამოჰქონდა, ჯერ კიდევ მაშინ როცა კომუნიკაციის მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში პეიჯერები იყო. წუხდა, როცა შეკვეთას აგვიანებდა, ეს უკვე მის შესაძლებლობებს სცდებოდა, იმ დრომდე ვიდრე წარმოება აქ საქართველოში თავად არ დაიწყო, 1997 წელს! ერთი წლით ადრე კომპანია „დიო“ დააფუძნა, ანუ დაუშვილი ირმას ორგანიზაცია. მერე მეგობრებმა უთხრეს, ორგანიზაცია არა ოჯახიო, თავადაც ასე უფრო მოსწონს – „დიო“ ანუ დაუშვილი ირმას ოჯახი! ეს კომპანია მისთვის მართლაც ოჯახია, ბიზნესს უკვე 23 წელია ორი და და ერთი ძმა ერთნაირი ხედვით და ერთნაირი კულტურით მართავენ. ამბობს, რომ მისი ძმის – თამაზ დაუშვილის თანადგომის გარეშე ,,დიო’’ ალბათ ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. დას – თამარს კი დღემდე დიდ ანგარიშს უწევს. მისი აზრით, დედმამიშვილების პარტნიორად ყოფნა სასიამოვნო გამოწვევაა, რასაც ღირსეულად ართმევენ თავს.
ფოტო : Forbes Woman Georgia
აღიარებამდე იყო შეკითხვებიც. ასეთი, მაგალითად: „ნუთუ თქვენ ახლა გგონიათ, რომ ეს პროდუქტი ვინმესთვის საინტერესოა?“. სწყინდა, მაგრამ პასუხიც მზად ჰქონდა, რომ მოვიდოდა გაზაფხული–ზაფხული და მას ბევრი მიაკითხავდა. წლების შემდეგ ირმას, ამ კითხვის ავტორმაც „მიაკითხა“ სხვა შინაარსის სათქმელით – სატელევიზიო სივრცეში „დიოს“ პირველი რეკლამის გასვლისთანავე მის ტელეფონზე ზარი გაისმა, ამჯერად მისი წარმატება აღიარეს! 23 წელი გავიდა და ისევ არასტაბილური გარემოს განცდა აწუხებს, წუხს იმის გამოც, რომ ქვეყანაში პროფესიონალი კადრების დეფიცია, ამას ქართულ მიდგომას უწოდებს. ამ გარემოშიც კი „დიო“ 70%-იანი წილით ჟალუზების ბაზრის ლიდერია. ირმას კომპანიაზე 70% მოდის ტენტებისა და საჩრდილობლების სეგმენტშიც, „დიო“ წარმატებით პოზიციონირებს მეტალო–პლასტმასისა და ალუმინის ფანჯრების ბაზარზეც. ჯამში მისი კომპანია 70 სახის პროდუქტს აწარმოებს. 5 ადამიანით დაწყებული საქმე დღეს 170 თანამშრომელს ითვლის. ხარისხი, თანამედროვეობა და პუნქტუალობა – ეს დაუშვილი ირმას ოჯახის წარმატების ფორმულაა.
პირადი ოჯახი მეუღლისა და ორი შვილისგან შედგება. თვლის, რომ გვიან 38 წლის ასაკში დაოჯახდა და ქალის წარმატების განმსაზღვრელი მეუღლეა: ,,ჩემი მეუღლე ექიმი ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძეა. ვიტყვი, რომ გამიმართლა. დიდი მოთმინებით იტანს ჩემს საქმიან რეჟიმს. ალბათ, როცა გიყვარს სხვანაირად არ ხდება. გარკვეულ საკითხებზე რადიკალურად განვსხვადებით ხასიათითა და ინტერესებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენ თანაცხოვრებას. თუმცა ერთი საერთო, რამ გვაქვს ორივე წარმატებულები ვართ ჩვენს საქმიანობაში.’’ ამბობს, რომ მთავარი შვილების ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხია და არა – საათები. ასწრებს იმდენს, რომ გოგონას სკოლაში მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე იყოს, ბიჭთან – კომიტეტის წევრი. სულ ცდილობს მნიშვნელოვან მომენტებს არ გამოაკლდეს, თუმცა მაინც დააკლდა – არ უნახავს როგორ გადადგა მისმა შვილმა პირველი ნაბიჯები. აქ მებრძოლი და წარმატებული ქალი ემოციური ხდება – ირმას ამ ამბის გახსენებაზე ეტირება. ვაცდი. რამდენიმე წამიან პაუზას მე ვარღვევ. ქალების უფლებებზე და გამოწვევებზე საუბარს ვიწყებთ. ორივე ვთანხმდებით, რომ ბიზნესში ქალებს აღიარებისთვის მამაკაცებთან შედარებით, გაცილებით მეტი შრომა უწევთ. „იყო მხარდაჭერა, თუმცა ეს იმ ეტაპამდე, ვიდრე იგრძნობენ, რომ შენზე უპირატესობა აქვთ. ბევრჯერ მინახავს, როცა რაღაც ეტაპის შემდეგ შენი აღიარება აღარ უნდათ, თუმცა, ცხადია, ასე ყველა არ იქცევა. მამაკაცებს ალბათ შინაგანი კოდი უდევთ – არ აღიარონ ქალის წარმატება. მე არ ვთვლი, რომ ეს ქართული სინდრომია, განსხვავებულ კულტურაში ამას განსხვავებულად გამოხატავენ. ოფიციალური სტატისტიკით ცოტა ქალია ბიზნესში, პარლამენტში, მთავრობაში, თუმცა არაფორმალური სტატისტიკით საქართველოს, დამატებით, ემიგრაციაში წასული ქალები ინახავენ“, – ეს ირმა დაუშვილის ციტატაა. ამ თემაზე საუბრისას მისი ციტირება საჭიროდ ჩავთვალე. ოფიციალურ სტატისტიკაში საკუთარი მოკრძალებული წვლილი თავადაც შეაქვს. „დიოში“, რომელიც ნაკლებად ქალურ ბიზნესად განიხილება, დასაქმებულთა 35% ქალია. ირმა თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზეც აქტიურად ზრუნავს, კომპანია უკვე 2 წელია ქალთა გაძლიერების საერთაშორისო პროექტს შეუერთდა, „დიოში“ ღიად მსჯელობენ სექსუალური ძალადობის საკითხებზე. ირმას კიდევ ერთი პირადი ფილოსოფია აქვს: ადამიანი ვიდრე არსებობ, უნდა იზრუნო არა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ უნდა შეცვალო შენ ირგვლივ გარემო. ამისთვის, მათ შორის წარმატებული და მოტივირებული ქალების გუნდიდან იბრძვის, ეს ბიზნესლიდერთა გაერთიანებაა „ქალები მომავლისთვის“.
ფოტო : Forbes Woman Georgia
მათემატიკა არის ყველგან, წარმატების მიღწევის გზებსაც კი მათემატიკურ მოდელს ადარებს. შეგიძლიათ, მითხრათ, სად არის წარმატების მწვერვალი? ეს ჩემი არა, ირმას კითხვაა. თავადაც მიაჩნია რომ წარმატება მიზანს, განვითარებაზე ზრუნვასა და წინააღმდეგობების დაძლევას მოაქვს. „ჩემთვის დღემდე ყველა რთული სიტუაცია ამოცანაა, ვცდილობ, მივაგნო ამ ამოცანის პასუხს, ჩემთვის ეს მათემატიკური მოდელია. ასე გამოწვევებს ვამარცხებ. ყოველი ასეთი ამოცანის ამოხსნა არის ნაბიჯი წინ“, – ამბობს ამას და უდიდესი ფიზიკოსის აინშტაინის სიტყვებს იხსენებს: “Think 99 times and find nothing. Stop thinking, swim in silence, and the truth comes to me.” მათემატიკოსი ფიზიკოსს აბსოლუტურად ეთანხმება, რადგან სჯერა, რომ გზა წარმატებისკენ რთულია, მაგრამ საინტერესო!
ინტერვიუს ბოლოს არც მე დამიმალავს – ვთვლი, რომ ირმა დაუშვილი ნამდვილად წარმატებული ქალია, მასთან საუბარი კი ძალიან საინტერესო! ეს ჩემამდეც ბევრჯერ აღიარეს. ირმა დაუშვილი 2017 წელს საქართველოში პირველი ქალი ბიზნესმენი გახდა, რომელიც “Veuve Clicquot” სახელობის საქმიანი ქალის ჯილდოს მფლობელია. ირმა, UNDP-ის გენდერული თანასწორობის ჯილდოს მფლობელიცაა. რადგან 90-იანებში აკადემიური ოცნებების ასახდენად ვერ მოიცალა, სწავლას ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და შეფილდის უნივერსიტეტში ჩააბარა. უნდა, რომ დაგროვილი გამოცდილება სხვებს გაუზაიროს, ახლა სწორედ იმას სწავლობს, როგორ გააკეთოს ეს სწორად.
წყარო - FORBS WOMAN GEORGIA - https://bit.ly/2LRg7QN
ავტორი: სოფო კარგარეთელი