Logo
CSR
დიო-ს მიდგომა ინკლუზიური სამუშაო გარემოსთვის

დიო-ს მიდგომა ინკლუზიური სამუშაო გარემოსთვის

21 წლის ალექსი მჭედლიშვილს ბავშვობიდან ფეხი აქვს ამპუტირებული და  პროთეზს იყენებს. მან კომპანია „დიოში“ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო მუშაობა. „დავრეგისტრირდი დასაქმების სააგენტოში, შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების დასაქმების ფორუმზე გავიცანი ზურა ორაგველიძე, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ დამიკავშირდა და მითხრა, რომ კომპანია „დიოში“ ვიყავი დაბარებული გასაუბრებაზე. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა და მეორე დღესვე შევუდექი მუშაობას. ეს ჩემი პირველი სამსახურია. ვმუშაობ ჰორიზონტალური ჟალუზის ამწყობად და ძალიან კმაყოფილი ვარ. თანამშრომლები მასწავლიან საქმეს და ხელს მიწყობენ, რომ კარგად შევასრულო სამუშაო. ზურას დახმარების გარეშე სამსახურის შოვნა გამიჭირდებოდა,“ – ამბობს ალექსი.

ზურა ორაგველიძე შშმ პირების დასაქმების კონსულტანტია. იგი ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან“ (სიდა) ერთად, სამ ბიზნესკომპანიას (კარფური, დიო და სასტუმრო „მერკური“) დაეხმარა, რომ მათი სამუშაო გარემო უფრო ხელმისაწვდომი და ღია გამხდარიყო შშმ პირებისთვის. პირველ ეტაპზე მათ, სპეციალური კითხვარის საშუალებით, შეაფასეს კომპანიების მზაობა შშმ პირების დასაქმების თვალსაზრისით (როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სტრატეგიული მიდგომების, თანამშრომლების ცნობიერების დონის და წინა გამოცდილების კუთხით). შეფასების შემდეგ კი გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მათ კონსულტაციები გაუწიეს.

„ამ სფეროში ასეთი სისტემური პროექტი ჯერ არ განხორციელებულა. თვითშეფასების კითხვარი აქამდე არავის გამოუყენებია. როგორც წესი, მსგავსი [დასაქმების] პროექტების წარმატების საზომი დასაქმებული შშმ პირების რაოდენობაა. როდესაც მიზნად გაქვს დასახული მაგ: 60 შშმ პირის დასაქმება, ორიენტირებული ხარ ამ ამოცანის შესრულებაზე და ნაკლები დრო გრჩება უფრო მდგრადი მიდგომებისთვის. „სიდას“ უპირატესობა კი სწორედ ისაა, რომ შშმ პირების დასაქმება მისი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზანია. მათი ინიციატივის შემდეგ კომპანიები სხვისი დახმარების გარეშეც შეძლებენ შშმ პირების დასაქმებას და ეს არ იქნება ერთჯერადი მოვლენა,“ – ამბობს ზურა ორაგველიძე.

კონსულტაციების შედეგად სამივე კომპანიამ სისტემურად ახალი მიდგომები დანერგა. მათ შრომით ხელშეკრულებებსა და შინაგანაწესში მკვეთრად დააფიქსირეს  შშმ პირების მხარდაჭერა და წაახალისეს მათი დასაქმება; ვაკანსიის ტექსტში ჩაამატეს წინადადება: „მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია მზადაა, განიხილოს შშმ პირთა რეზიუმეები ნებისმიერ პოზიციაზე“ (ამგვარი მინაწერით ვაკანსიები თითქმის არ ქვეყნდება. ეს ფრაზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კონკურსში მონაწილეობის მეტ მოტივაციას აძლევს); კომპანიის ინფრასტრუქტურა გახადეს უფრო ინკლუზიური; გადაამზადეს თანამშრომლები შშმ პირებთან მუშაობის სპეციფიკის საკითხებში და ა.შ.. ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ კომპანიებმა 4 შშმ პირი დაასაქმეს.

„ყველას გვაქვს რაღაც განსხვავებული. მთავარია, გარემო არ იყოს შეზღუდული და არა ადამიანის შესაძლებლობები“ – ნათია ქუტიძე.

კომპანია „დიოს“ ადრეც ჰქონდა შშმ პირების დასაქმების მცდელობა, თუმცა, სისტემური მიდგომის არქონის გამო, ეს მიზანი ვერ განახორციელა. როგორც „დიოს“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, ნათია ქუტიძე ამბობს, ის სხვადასხვა დროს ესწრებოდა შშმ პირების დასაქმების ფორუმებს და აკვირდებოდა მათში მონაწილე, სამსახურის მაძიებელი შშმ ადამიანების საჭიროებებს. „სიდას“ პროექტმა სწორედ იმიტომ დააინტერესა, რომ ის შშმ პირების დასაქმების კომპლექსურ მიდგომას ეფუძნებოდა. „კითხვარით  აღმოვაჩინეთ, თუ სად გვქონდა შეუსაბამო ჩანაწერები, უფრო სწორად – სად არ გვქონდა შესაბამისი ჩანაწერები. ამის შემდეგ შინაგანაწესში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ: შენობის ევაკუაციის გეგმაში  შშმ პირების საჭიროებები გავითვალისწინეთ; ვაკანსიის განცხადებაში ჩავამატეთ ტექსტი, რომ შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია მზადაა განიხილოს შშმ პირების კანდიდატურები. როგორც წესი, თითო გამოცხადებულ ვაკანსიაზე უამრავ განაცხადს ვიღებ, თუმცა, აქამდე არც ერთი ყოფილა შშმ პირისგან. ახლა აღმოვაჩინე, რომ თუკი ვაკანსიის განაცხადში ასეთი ტექსტი არ წერია, შშმ პირები არ იღებენ კონკურსში მონაწილეობას. შშმ პირების დასაქმება კომპანიის სტრატეგიული გეგმის ნაწილი და ცხოვრების წესი გახდა. ყველას გვაქვს რაღაც განსხვავებული. მთავარია, გარემო არ იყოს შეზღუდული და არა ადამიანის შესაძლებლობები,“ – ამბობს ნათია ქუტიძე.

საქართველოში შშმ პირების დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას. ამის ერთ–ერთი მიზეზი მათი განათლების, გადამზადების და დასაქმების ხელშემწყობი ეფექტიანი სახელმწიფო და კერძო ინიციატივების ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „სიდამ“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი ამ საკითხზე გაეკეთებინა. EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით და CSR კლუბსა და გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელთან ერთად, „სიდა“ უკვე მესამე წელია მჭიდროდ თანამშრომლობს შშმ პირების საკითხებით დაინტერესებულ ბიზნესკომპანიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან. მის მიერ შემუშავებული თვითშეფასების კითხვარი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის (იხილეთ ბმული). „სიდა“ მოხარული იქნება, დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი კონსულტაცია და დახმარება გაუწიოს როგორც დასაქმების მსურველ შშმ პირებს, ისე პოტენციურ დამსაქმებლებს.

წყარო © USAID GEORGIA 

               EAST. WEST MANAGEMENT INSTITUTE  

01
დეკ
2017
phone