ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია „დიო“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა, რომელიც დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„გენდერული ძალადობის დაძლევაში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ქალთა გაძლიერებისკენ ვისწრაფვით, ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ, ავამღალოთ ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს“, - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.
კამპანიის ფარგლებში 16 დღის განმავლობაში კომპანია „დიო“-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე შეიცვალა ქავერის ფოტო, აქციაში ჩართვის საჯაროდ დაფიქსირების მიზნით.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება. კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მასში მონაწილე ქვეყნები, ორგანიზაციები, კომპანიები თუ უბრალოდ მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად სხვადასხვა აქტივობაში სწორედ ნარინჯისფერს იყენებენ. კამპანიის მხარდასაჭერად, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ოფიციალური ანგარიშები სოციალურ ქსელებში განარინჯისფერდება. ცნობიერების ასამაღლებლად, ამ 16 დღის განმავლობაში, კომპანიები გენდერული ძალადობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციასაც გაავრცელებენ.
ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც კერძო სექტორს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ეხმარება. პრინციპების დანერგვაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს და მათზე ხელი 70-ზე მეტ კომპანიას აქვს მოწერილი.