Logo
სიახლეები
თანამშრომლები
ირმა დაუშვილი - დიოს საწყისებიდან დღემდე

ირმა დაუშვილი - დიოს საწყისებიდან დღემდე

ჩემი ბიზნეს ისტორია იწყება ქვეყანაში ცვლილებებთან ერთად. როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე მათემატიკოსის პროფესიით, სრულიად სხვა გეგმები მქონდა, მინდოდა სამეცნიერო სფეროში მემუშავა და ჩემი საყვარელი საგანი მესწავლებინა. თუმცა, ცნობილი მოვლენების გამო, 90-იან წლებში ქვეყანაში ვითარება აირია და პრაქტიკულად ყველას მოგვიწია ბრძოლა საკუთარი ოჯახების გადასარჩენად. ჩემი პირველი სამსახური ,,ჯანმრთელობის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრი“ იყო - სადაც პროგრამისტ - ინჟინერის პოზიცია მქონდა დაკავებული. პირველი სამსახური ყოველთვის მნიშვნელოვანია ყველასთვის - პირველად ეცნობი კორპორატიულ კულტურას და კოლექტიურ მუშაობას. მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი კოლექტივი გვაყვდა. საოცრად კარგად მიმიღეს და მე ამ გამოცდილებას დღემდე ვიყენებ ჩვენ კომპანიაში. ვცდილობ ახალ მოსულ კოლეგას შევხვდეთ კეთილგანწყობილად, რომლის პირველი სამუშაო დღე იყოს დასამახსოვრებელი, ადვილად გაიაროს ადაპტაცია და სიამოვნებით ჩაერთოს ჩვენი გუნდის მუშაობაში.

შემდგომ ვმუშაობდი შემნახველ ბანკში, შემდეგ უკვე ბანკსაც პრობლემები შეექმნა და ჩემთვისაც შეუძლებელი გახდა იქ მუშაობა და ამ დროს, მეგობრებთან ერთად, გადავწყვიტეთ პატარა ბიზნეს-საქმიანობები დაგვეწყო. 1994 წელს, ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი წავიდა საზღვარგარეთ საცხოვრებლად და იქიდან შემომთავაზა მომესინჯა ჟალუზების გაყიდვა. ჟალუზების არსებობის შესახებ მეც, პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი და ძალიან მწირი ინფორმაცია მომაწოდა მეგობარმაც. დავიწყე ფიქრი, ვისთვის და როგორ შეიძლებოდა ჟალუზები მიმეწოდებინა და პირველი იდეა, რომელიც გაჩნდა, იყო რომ მიმემართა უცხოური კომპანიებისთვის. ზუსტად იმ დროს იხსნებოდა საელჩოები ჩვენს ქვეყანაში და ვიფიქრე, რომ ჟალუზები მათთვის უფრო ნაცნობი პროდუქტი იქნებოდა და მართლაც, ამ იდეამ გაამართლა და პირველი ჩვენი დამკვეთები იყვნენ ბანკები, საელჩოები, და ნელ-ნელა ჩვენმა პროდუქტმა პოპულარობა მოიპოვა.

თავიდან, ბევრი ნიჰილიზმით და იუმორითაც კი უყურებდა ამ ბიზნეს-იდეას. იმ პერიოდში, ახალი დამთავრებული იყო სამოქალაქო ომი, ხალხი შიმშილობდა და ირონიული კონტექსტი ნამდვილად არ აკლდა იდეას, რომ ვინმეს შეიძლებოდა ჟალუზები დასჭირებოდა. განსხვავებულად მიუდგნენ ამ საკითხის ჩემი ოჯახის წევრები. პირველი ვინც ირწმუნა ამ ბიზნესის წარმატება  ჩემი ძმა იყო. თამაზმა ჯერ კიდევ სტუდენტმა მხარი დამიჭირა და  უკვე 1996 წელს, იმდენად მოთხოვნადი გახდა ეს პროდუქტი, რომ უკვე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კომპანია ,,დიო“. შემდგომში დაც - თამარიც შემოგვიერთდა და ასე გახდა “დიო“ საოჯახო კომპანია.

  კომპანიას რთულ პერიოდში მოუწია  ახალი პროდუქციის დანერგვა და პოპულარიზაცია. არ იყო ელექტრო ენერგია, არც ინტერეტით და სხვა კომუნიკაციების საშუალებები არ იყო დანერგილი საქართველოში, იყო ტრანსპორტირების პრობლემები. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის 1997 წლის იანვარში ვიზიტი  გერმანიაში, ქალაქ ფრანქფურტში  ტექსტილის გამოფენაზე , სადაც პირველად აღმოვჩდიდ დიდი ჟალუზების სამყაროში, გავიცანი ახალი პარტნიორები.  ერთ-ერთმა კომპანიამ მიმიწვია საწარმოში და გავეცანი ფარდა-ჟალუზების წარმოებას. ამ შთაბეჭდილებით დაბრუნებულმა გადავწყვიტე დამეწყო საქართველოში ჟალუზების წარმოება  და უკვე 1997 წლის აპრილში ,,დიო’’-მ დაიწყო ვერტიკალური ჟალუზების წარმოება. შემდგომ უკვე დაემატება ჰორიზონტალური ჟალუზები, დამცავი ჟალუზები. 2002 წელს გერმანულ კომპანია Roplasto- ერთად ვიწყებთ გერმანული ფანჯრების წარმოებას დღეს კი ბევრ ევროპულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, როგორიც არის Smfy, Aluplast, Aluprof, Bat, Vertisol, Dickson, Normalu, Mottura, Glatz, Barissol, Coulisse და ა.შ.

რაც შეეხება იმას, თუ სად არის დღეს ჟალუზებით დაწყებული კომპანია: დღეს კომპანია ფლობს დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრი ფართობის ახალ საწარმოს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და უკვე დაახლოებით 60 პროდუქტს აწარმოებს ქართველი მომხმარებლისთვის.

ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ახალი პროდუქციის შემოტანა, დანერგვა და პოპულარიზაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს დამკვეთებთან ურთიერთობა, მათი ნდობის მოპოვება და შენარჩუნება.

კომპანია უკვე 21 წელია ქართულ ბაზარზეა და ყოველთვის ვცდილობთ შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების ხარისხი. ამ მხრივ, ვფიქრობ ჩვენი კომპანია ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენი მთავარი რესურსი არის გუნდი, რომელიც ერთად მუშაობს პროდუქციის განვითარებაზე. დასაქმებულია 150-მდე ადამიანი. ფაქტობრივად ნულოვანი კაპიტალით დაწყებული საქმე დღეს მოიცავს ოთხ ფილიალს ქვეყნის მასშტაბით, გყვავს წარმომადგენლები თითქმის ყველა რეგიონში.

 

პირადად მე, 21 წელია ამ საქმეში ვარ ჩართული და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არც ერთი დღე არ ყოფილა ჩემთვის უინტერესო, როგორც კოლეგებთან, ისე დამკვეთებთან მუშაობის თვალსაზრისით. სამომავლოდ, გვინდა უფრო გავაფართოვოთ პროდუქციის მრავალსახეობა, უფრო თანამედროვე დანადგარებით იყოს შესაძლებელი წარმოება და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს.

ქალებს, რომლებიც ბიზნეს-საქმიანობის წამოწყებას აპირებენ, პირველ რიგში, ვურჩევ აუცილებლად სცადონ და არ შეეშინდეთ, იმიტომ, რომ ბიზნესის წამოწყება ხშირად ბევრ სირთულესთან და მარცხთანაა დაკავშირებული, თუმცა არასდროს უნდა შეეშვა საყვარელ საქმეს და ყოველთვის უნდა ეცადო, მარცხი აქციო წარმატებად. ყოველი სირთულე, რომელსაც ვიხსენებ, ჩვენს ბიზნესში იყო ნაბიჯი შემდეგი წარმატებისკენ, ასე რომ არასდროს უნდა შევუშინდეთ სირთულეებს, უნდა ვაკეთოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც მოგვწონს და ვფიქრობთ, რომ საჭიროა საზოგადოებისთვის.

სტაბილურობა განაპირობა იმან, რომ არც ერთ ეტაპზე ჩვენ არ გვიღალატია ხარისხისთვის, როგორც პროდუქტის წარმოებაში, ასევე მომსახურების გაწევის დროს და სწორედ ამიტომ მოვიპოვეთ დიდი სანდოობა ჩვენი დამკვეთებისგან. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მივიღეთ საერთაშორისო სერთიფიკატი ISO  9001:2008.

 ჩვენ გვყავს დამკვეთები, რომლებიც უკვე 20 წელია ჩვენთან თანამშრომლობენ და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას გარდა, აუცილებელია კვალიფიციური გუნდი, რომელსაც ისევე ესმის წარმატება როგორც მე - რომ ეს არის საუკეთესო პროდუქციის შექმნა. ამას ძალიან აფასებს მომხმარებელი და ვფიქრობ სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა.

იმედი მაქვს, რომ ასეთივე წარმტებული იქნება მეორე ბიზნესი, რომელსაც ასევე სათავეში ვუდგავარ 2002 წლიდან ეს არის დასასვენებელ - გამაჯანსაღებელი კომპლექსი ,, ნუნისი“ - რომელიც არის სატუმრო და სპა ცენტრი ტყეში. სადაც დღეს-დღეობით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფოს მხრიდან და იმედია მალე დამთავრდება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევძლებთ ამ საქმის პოპულარიზაციას.

წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება მინდა მომავალშიც აქტიურად გამოვიყენო საქმიანობის გასაფართოებლად.

ირმა დაუშვილი - ,,დიო’’-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

წყარო - ჟურნალი ,,ამარტა''

13
ოქტ
2017
phone