Logo
სიახლეები
C S R
„დიომ“ თავისი 20 წლის იუბილე „ბავშვთა ჰოსპისს“ მიუძღვნა

„დიომ“ თავისი 20 წლის იუბილე „ბავშვთა ჰოსპისს“ მიუძღვნა

 „დიო“ უკვე ოცი წელია, ქართულ ბაზარზეა. თავის სფეროში წარმატებულმა კომპანიამ 1996 წლიდან დღემდე განვითარების გრძელი და რთული გზა განვლო, ამ წლების განმავლობაში მომხმარებლის მყარი ნდობა მოიპოვა და ამასთანავე, არაერთი ქველმოქმედება ჩაიწერა თავის სახელზე.

31 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ საიუბილეო საღამოზე „დიოს“ ბევრმა მეგობარმა მოიყარა თავი. კომპანიის დამფუძნებლებმა 20 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და ახალი სოციალური ინიციატივის - „ბავშვთა ჰოსპისის“ მშენებლობის შესახებ ისაუბრეს.

ირმა დაუშვილი, თანადამფუძნებელი და დირექტორი:
„ოცი წლის იუბილეს მეგობრებისა და იმ კომპანიების გვერდით ვხვდებით, რომლებმაც ეს პერიოდი, ფაქტობრივად, ჩვენთან ერთად გაატარეს. ჩვენც დავარქვით ამას ოცი წელი - ნდობის წელიწადი. 20 წელია, გვენდობა ჩვენი მომხმარებელი და ჩვენც, შესაბამისად, მათ ნდობას ვამართლებთ. გვქონდა როგორც უამრავი წარმატება, ასევე დაბრკოლებაც. ჩვენს კომპანიას ძალიან ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ამის აფიშირებას არასდროს ვაკეთებდით. დღევანდელი საქველმოქმედო პროექტი კი - საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა - მნიშვნელოვან საქმედ მივიჩნიეთ და გადავწყვიტეთ, ამ წვეულებაზე გაგვეჟღერებინა, რათა ყველა ჩვენმა მეგობარმა მიიღოს მონაწილეობა და შეძლებისდაგვარად შეიტანოს წვლილი კეთილ საქმეში. ეს იქნება სახლი, სადაც ყველა ბავშვი იგრძნობს სითბოსა და სიყვარულს. სიკეთე გადამდებია“.

„ბავშვთა ჰოსპისი“ საქართველოს პრეზიდენტის, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, „სამედიცინო კორპორაცია  ევექსისა“ და კომპანია „დიოს“ ერთობლივი სოციალური პროექტია. მშენებლობა 2015 წელს ფონდ „ღია საზოგადოების“ ინიციატივით დაიწყო. შენობა ქართული ბიზნესკომპანიებისა და მოქალაქეების შემოწირულობებით აშენდება, ხოლო მის შემდგომ ფუნქციონირებაზე ფონდი „ღია საზოგადოება“, სხვა დონორებთან ერთად, იზრუნებს. კომპანია „დიომ“ საკუთარ თავზე აიღო შენობის კარ-ფანჯრებით, ტენტებითა და ჟალუზებით აღჭურვა.  

თამაზ დაუშვილი, კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი:
„ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სასიამოვნო გარემო, სადაც მათ ექნებათ ოცნებების ასრულების საშუალება; სადაც დაისვენებენ, გაიხარებენ და თანატოლებთან ერთად გაილამაზებენ ცხოვრებას. „ბავშვთა ჰოსპისი“ ის ადგილია, სადაც ბავშვებსა და მათ ოჯახის წევრებს ცხოვრება გაუადვილდებათ. ვისურვებდი, რომ მათ ამ სახლში სითბო და ოპტიმიზმი ეგრძნოთ. 


ცნობისთვის: საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს სჭირდება.
ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახის წევრებზე ზრუნვას. ბავშვებში ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვ.
ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის „ბავშვთა ჰოსპისში“ მომსახურება უფასო იქნება.

31
მარ
2016
phone