Logo
სიახლეები
თანამშრომლები
კომპანია დიოს მრავალწლიანი გამოცდილება

კომპანია დიოს მრავალწლიანი გამოცდილება

კომპანია „დიოს“ მრავალწლიანი პრაქტიკა მისსავე გამოცდილებაზე, წარმატებასა და პროფესიონალიზმზე მეტყველებს. იგი მომხმარებელს სთავაზობს მაღალ სტანდარტს, მორგებულ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. „დიო“ არის კომპანია, რომელიც იმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, რომ მამაკაცისა და ქალბატონის მმართველობის სინთეზი ძალიან კარგი გზაა წარმატების მისაღწევად. OK! გაესაუბრა „დიოს“ ფინანსურ დირექტორ თამარ დაუშვილს, კომპანიის შესახებ და ქალი ლიდერის როლზე სხვადასხვა საქმიანობაში.

რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?

მსოფლიოში, სულ უფრო იზრდება ქალის მმართველ რგოლში ფუნქციონირებისა და ქალის, როგორც ლიდერის, პროცენტული მაჩვენებელი. ეს მნიშვნელოვანია და საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელი. ქალის გაძლიერების მოთხოვნა გაჩნდა პროგრესთან ერთად და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა განვითარებით მიმდინარეობს.

საქართველოშიც უკვე თვალსაჩინოა, რომ უფრო მეტი და მეტი ქალი ხდება წარმატებული მენეჯერი, წარმატებული პოლიტიკოსი და წარმატებული ბიზნესლიდერი.

მე არ მაქვს შეფასების კომპეტენცია, ვერ განვიხილავ გლობალურად, როგორია ქალის როლი, ამას ბევრი სპეციალისტი აკეთებს მსოფლიოში, მაგრამ არის ნიუანსი, რომელიც პირადად ჩემს მოსაზრებასა და დამოკიდებულებას გამოხატავს: ქალი ლიდერი და ბიზნესლიდერი − ეს არის ბალანსის, სტაბილურობისა და შემოქმედებითობის შემომტანი ფაქტორი ნებისმიერ საქმიანობაში. გარკვეულწილად, ნიშანი მამაკაცებისათვის, რომ ნებისმიერ წარმატებულ, რუტინულ, ყოველდღიურ საქმიანობას აქვს ორი მხარე, და ბალანსი. ე.წ. ოქროს შუალედი საუკეთესო საშუალებაა უფრო მეტი მიღწევისა და მეტი განვითარებისათვის. ქალს, ჩემი მოსაზრებით, აქვს სიტუაციის ინტუიციური შეფასების კარგი უნარი, რაც მნიშვნელოვანია პროცესების მიმდინარეობაში წარმატებული გადაწყვეტილების მისაღებად.

ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ეპოქაში, სადაც ძლიერდება ქალის მნიშვნელობა და სადაც უკვე ამდენი წარმატებული ქალბატონია, რომლებმაც შეძლეს საკუთარი უნარების, შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება.

როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა?/ საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?

ბიზნესის იდეა, ასევე, როგორც სათავე, ჩვენი ოჯახია. და-ძმა, რომელიც მართავს კომპანიას – ირმა დაუშვილი, თამაზ დაუშვილი და მე. აქვე აღვნიშნავ, რომ მე მოგვიანებით შევუერთდი ირმას და თამაზს, რადგან პატარა მყავდა და იმ პეროდისათვის ვერ ვახერხებდი შემეთავსებინა საქმიანობა და ბავშვის გაზრდა. იდეა მოულოდნელად გაჩნდა და მე შევაფასებდი, რომ ირმას და თამაზის სწორი ალღოთი, სწორი მიდგომით, შრომით და თავდაჯერებულობით შეიქმნა „დიო“, და კომპანიამ დაიწყო წარმატებისკენ არაერთი ნაბიჯის გადადგმა. ახლა კმაყოფილება მეუფლება, როდესაც ვიხსენებთ, რამდენი წინააღმდეგობა გადავლახეთ, რამდენი მუშაობა დაგვჭირდა. აქ  მოიაზრება საკუთარ თავთან მუშაობაც, რათა შემდგარიყო კომპანია „დიო“, რომელიც უკვე 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, და თავს უფლებას მივცემ შევაფასო, როგორც საკმაოდ წარმატებული კომპანია.

ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…

ვერ გეტყოდით, რომ ჩემი საქმიანობა პირდაპირ ჩემს პროფესიასთან არის კავშირში. ასე გავუკეთებდი შეკითხვას ფორმულირებას: „რომელია ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს საქმიანობას ახლავს?“

სირთულეს ვერ გამოვარჩევდი, ვინაიდან კომპანიამ განვითარების სხვადასხვა ეტაპი განვლო. შესაბამისად, ყოველ ეტაპს დაბრკოლება მოსდევს. მაგრამ, აღვნიშნავ, რომ ყველაზე რთულია არა მარტო ჩვენ შემთხვევაში, არამედ ზოგადად, პირველმა დაინახო საკუთარი შეცდომები, კრიტიკულად მიუდგე საქმიანობას და ეცადო სწრაფად გადაჭრა პრობლემა სწორი და სამართლიანი შეფასებების საფუძველზე. პრობლემის თავის დროზე დაფიქსირება და მისი დროული გადაწყვეტა, გადაჭრა − ეს არის მნიშვნელოვანი და საკმაოდ რთული ამოცანა. ეს არის პრიორიტეტული და ძირითადი პრინციპი ჩემს საქმიანობაში.

მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?

კომპანიაში დღეს ბევრი სიახლეა. დავიწყებ იმით, რომ გავაფართოვეთ წარმოება, ადგილობრივი „პერგოლა“ გვაქვს, ფართოვდება შიდა და გარე ინტერიერის პროდუქტების არჩევანი. 2020 წლის შეფასება რთულია − ემოციურადაც, საქმიანობის კუთხითაც. პანდემიამ თითქოს გააქრო დღეები და აქტივობები, თუმცა მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიის თითოეულ თანამშრომელს. მათი მხარდაჭერით მენეჯმენტმა შეძლო კრიზისულ სიტუაციაში ფუნქციონირება, ხოლო მეორე მხრივ, მადლობა კომპანიის მენეჯმენტს, რომელმაც შეძლო თანამშრომლების წინაშე ვალდებულების დროულად შესრულება. ჩვენი, მენეჯმენტის ძირითადი სურვილი, მონდომება იყო, კომპანიას ღირსეულად დაეღწია თავი ამ მოულოდნელი კრიზისისგან. 2020 წელი მსოფლიოსათვის გამორჩეულად რთული აღმოჩნდა, შეაფერხა სტანდარტული პროცესი, გაზარდა დანახარჯი, მაგრამ ვიტყოდი, რომ გამოავლინა ბევრი ისეთი პროცედურა, ნიუანსი, რომლის გათვალისწინება, დანერგვა, სასარგებლო გახდა ფუნქციონირებისთვის. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მოსახერხებელია და შესაძლებელია ზოგიერთი საქმიანობა განხორციელდეს ონლაინ − დისტანციურად, და გაჩნდა ახალ რეგულაციებთან ერთად ახალი პროდუქტი. 2020 წელს ასე შევაჯამებდი: შეფერხებული, არაპროგნოზირებადი სამუშაო პროცესი, არაპროგნოზირებადი ფინანსური რყევები და ამავდროულად, ახალი შესაძლებლობები, რომ გამოსცადო საკუთარი თავი, გამოსცადო გუნდი, ვისთანაც მუშაობ, და ნება და უნარი, გადალახო პრობლემები წარმატებულად. მე ვფიქრობ, ჩვენს კომპანიას ეს კარგად გამოუვიდა. წარმატებას ვუსურვებ „დიოს“ და ჩვენს ქვეყანას!

როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე − დომინანტი მამაკაცების გარემოში?

არასოდეს შემიხედავს ქალის საქმიანობისათვის ამ კუთხით. მამაკაცების გარემოში, მე (ქალი) ვარ ჩვეულებრივი კოლეგა, პარტნიორი, თანამშრომელი. თანაბარი პირობები, თანაბარი აქტიურობა და შესაბამისად, თანაბარი შეფასება. ასე რომ, თუ ხარ წარმატებული შენს საქმიანობაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ეს ხდება გარემოში, სადაც მამაკაცებია უმრავლესობაში. არის წარმატება, რომელსაც იმსახურებ, როგორც პროფესიონალი, და არის შეცდომები, რომელსაც უშვებ, როგორც პასუხისმგებელი საკუთარ საქმიანობაზე − არ აქვს მნიშვნელობა, ქალი ხარ თუ მამაკაცი.

3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…

1. ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი როგორც გარეგნული, ასევე გონებრივი ფორმა (ვიკითხოთ ბევრი, ვისწავლოთ ის, რაც არ ვიცით);

2. ვიყოთ ზომიერად თავდაჯერებული;

3. ვიყოთ სამართლიანები და შევეცადოთ, რასაც დავუთმობთ და ვაპატიებთ საკუთარ თავს, იგივე შევძლოთ ჩვენს კოლეგებთან, მეგობრებთან, ოჯახის წეევრებთან, და თუნდაც, უცნობ ადამიანებთან მიმართებაში.

შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?

მე შემიძლია ვთქვა, რომ „მივაღწიე იმაზე მეტს, რაც მსურდა“. ბავშვობიდან მოკრძალებული სურვილები მქონდა. ასე რომ, გირჩევთ უფრო ამბიციურ სურვილებს და მიზნებს, რათა უფრო მეტს მიაღწიოთ.

ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?

არ ვიცი, რამდენად შევაფასებ თავს, როგორც წარმატებულს. ჯერ საფუძვლიანად არ დავფიქრებულვარ ამაზე, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა მაქვს. ყველაზე დიდი წვლილი ჩემს საქმიანობაში (ალბათ, კარგად გამომდის) მიუძღვის ჩემს დიდ ოჯახს − დაუშვილების ოჯახს.

შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?

შეთავსებადია. თუ კარგად გამოგდის და წარმატებული ხარ ოჯახში, აუცილებლად გამოგივა და წარმატებული იქნები სხვა საქმიანობაშიც. ქალს ერთი უპირატესობა გამოარჩევს, ეს ჩემი დაკვირვებაა: ქალის საქმიანობას ვაფასებთ პროფესიულადაც და ოჯახშიც, აი, მამაკაცებს − მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, და არავინ ეკითხება მათ: შეთავსებადია თუ არა ეს ორი მიმართულება? მე დავუსვამდი ამ შეკითხვას მამაკაცებსაც.

გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?

თავისუფალი დრო არ დამრჩებოდა, რომ არ ვიტოვებდე. აუცილებელია თავისუფალი დრო და დასვენება, რათა შეინარჩუნო ეფექტური საქმიანობის უნარი.

მიყვარს მუსიკა. არც ერთი დღე, საათი და წუთი არ არსებობს მუსიკის გარეშე. მიყვარს ლამაზ გარემოში ყავის მირთმევა. დღეს კი, უკვე 6 წელია, ჩემი თავისუფალი დროის ნაწილი „დაპყრობილი“ აქვთ შვილიშვილს, ჩემს დისშვილებს და ძმისშვილებს. ბედნიერი ვარ, რომ მათაც უყვართ ჩემთან თავისუფალი დროის გატარება.

 

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ.

სამომავლო გეგმები მრავალფეროვანი მაქვს: კომპანიაში ჩემი საქმიანობა სხვა ეტაპზე გადამყავს, ამისათვის კი, გარკვეული სწავლება მჭირდება. ჩემი პროფესიული გეგმები მიჰყვება კომპანიის წინაშე დასახულ ამოცანებს. ვემზადებით კომპანიის 25 წლისთავისთვის.

უფრო კონკრეტულად, ვერ შევძლებ მოკლედ მოვყვე, რა გეგმები მაქვს. მინდა იყოს უფრო თამამი, და ვისურვებდი, მომავალში გეგმების განხორციელების შეფასებაც თამამად კარგი მქონდეს.

რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?

დევიზი რამდენად არის, არ ვიცი, მაგრამ მთავარია ვიყო სამართლიანი, გულისხმიერი, და შევძლო ყველა მოვლენის, პროცესის, ემოციის ობიექტური შეფასება.

 

წყარო : OK Magazine

http://bit.ly/3vh3tOK

 

11
მარ
2021
phone