Logo
სიახლეები
თანამშრომლები
ირმა დაუშვილი − პასუხი, თუ რატომ არასდროს არის ქალი სუსტი

ირმა დაუშვილი − პასუხი, თუ რატომ არასდროს არის ქალი სუსტი

ირმა დაუშვილი ყველასთვის კარგად ნაცნობი და დასაბამიდანვე ლიდერი კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. ჯერ კიდევ 1996 წლიდან ის ოჯახთან ერთად წარმატებით გამორჩეულ ბრენდს სათავეში უდგას და ბაზარზე მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების, ფარდა-ჟალუზების, საჩრდილობელი სისტემების, ავტომატიზებული კარების წარმოებით წამყვან კომპანიას წარმოადგენს.

ირმას რეზიუმეში „დიო“ ყველაზე ხანგრძლივი კარიერული განვითარების შემაჯამებელია, თუმცა არა ერთადერთი წარმატებული პროექტი. იგი ასევე ჩართულია კურორტ ,,ნუნისი''-ს მართვასა და განვითარებაში. ამჟამად კი ის მეუღლესთან, ექიმ-ფიტოთერაპევტ დათო ვაშაძესთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში ფიტოთერაპიული მკურნალობის განვითარებას გულისხმობს.

ირმა ბიზნესასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ ბორდის წევრიც გახლავთ და მისი მრავალმხრივი საქმიანობის წარმატებული მენეჯმენტის საიდუმლო ის ფაქტია, რომ მუშაობას დილის 07:20 წუთიდან იწყებს და შუაღამის 02:30 საათზე ასრულებს…

გაგვიზიარეთ ის მთავარი მუხტი, რომლის ხარჯზეც წარმატების მიღწევა შესაძლებელია. თქვენ რაში და როგორ პოულობთ მას?

საინტერესო შეკითხვაა… ჩემთვის წარმატების მუხტი შრომასა და მიღებულ შედეგთან ასოცირდება. საწყის ეტაპზე, ნებისმიერი ახალი პროექტი ჩემს წარმოდგენაში იქმნება, ნათლად ვხედავ განვითარების პროცესსა და განხორციელების გზებს. ერთიანი იდეა კი მავსებს, მმატებს ენერგიას, მამხნევებს და თავიდან ბოლომდე მმუხტავს. ზუსტად ვიცი, ჩემ გვერდით იქნებიან ოჯახის წევრები, და-ძმა, მეუღლე, რომლებიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან. ასევე კოლეგები, რომლებიც მუდმივად ენთუზიაზმით იზიარებენ იდეას. სასურველი შედეგის მიღწევა კი ყოველი ახალი საქმის წამოწყების საწინდარია, ახალი მუხტია. ასე გრძელდება უკვე წლებია (30 წელია) და მჯერა, შემართების მუხტს არასდროს დავკარგავ.

გვიამბეთ პროექტ „ნუნისის“ შესახებ?

ნუნისი ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკთან მდებარე საოცარი ადგილია. აქვს რაღაც მისტიკური ამ ადგილს − ერთხელ რომ მიხვალ, გინდა იქ დაბრუნდე. სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი ბალნეო-კლიმატური კურორტის უნიკალურობას სწორედ ორი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის − სამკურნალო წყლისა და ჰავის შერწყმა განსაზღვრავს. ნუნისის წყალი უნიკალურია კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ალერგიები, ატოპიური დერმატიტი და სხვ.

ადგილის მისტიკურობასა და უნიკალურობას მრავალი ლეგენდა უკავშირდება. ვფიქრობ, დღევანდელი გარემოებების, პანდემიის გათვალისწინებით, სწორედაც განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს. ტერიტორიაზე არ შედის ავტომობილი და სუფთა ჰაერი გაჯერებულია ჟანგბადით. ნუნისის წყლის საოცარ თვისებებს შეუძლია ათასობით ადამიანს შეუმსუბუქოს კანის სხვადასხვა დაავადება. ასევე, თავისი უნიკალური ბუნებით, იდეალური დასასვენებელი ადგილია. სამწუხაროა, რომ დამსვენებლების მიღება მხოლოდ სეზონურად, მაისიდან ნოემბრამდე შეგვიძლია.

პანდემიამდე დღითი დღე იზრდებოდა უცხოელი ტურისტების დაინტერესება, და თუ სამომავლოდ ადგილზე ინფრასტრუქტურაც მეტად მოწესრიგდება, დამსვენებლების მიღება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

თქვენ თავად როგორ მოხვდით ამ საოცარ ადგილას? რა ისტორია გაკავშირებთ მასთან?

პირველად ნუნისში სტუდენტობის მეგობრებმა − კახამ, მაკამ და მისმა მეუღლემ, დავითმა მიმიწვიეს. მახსოვს, ნოემბრის სუსხიანი დღე იყო, თუმცა შემოდგომის საოცარი ფერები, ათასფრად შეღებილი ბუნება, ოქროსფერი, მიმოფანტული ფოთლები და უზარმაზარი ნაძვების სიმწვანე არაჩვეულებრივ ფერთა გამას ქმნიდა. წვიმისა და ბუნების სურნელი საოცრად შთამბეჭდავი იყო…

როდესაც მკითხეს, დავინტერესდებოდი თუ არა ამ ადგილით, დიდხანს არ დავაყოვნე და მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო პირობები არასახარბიელო იყო, თანხმობა ვუთხარი. როგორც ყოველთვის, ჩემმა და-ძმამ − თამუნამ და თამაზმა მხარი დაგვიჭირეს და გადავწყვიტეთ, ნუნისის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაგვედგა.

მოგეხსენებათ, როდესაც ახალგაზრდა ხარ, გადაწყვეტილებას არა პრაგმატული ბიზნესგათვლებით, არამედ ხშირად ემოციებზე დაყრდნობით იღებ. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა არ ვნანობთ და გვჯერა, დასახულ გეგმას აუცილებლად ბოლომდე განვახორციელებთ.

როგორია თქვენი ოჯახური საქმიანობა? როგორ ახერხებთ დროის გადანაწილებას და თუ პოულობთ თქვენი ხასიათის შტრიხში იმ კონკრეტულ ნიშანთვისებას, რომელიც ორთავე მხრივ თქვენთვის მხოლოდ ხელშემწყობია? ასევე, რამდენად ჰგავხართ შინ და სამსახურში ერთმანეთს და რომელი პრინციპები რჩება უცვლელი?

ეს შეკითხვა ალბათ მამაკაცების მისამართით იშვიათად დაისმის. შესაძლოა იმიტომ, რომ თითქოს ქალისთვის ოჯახი მთავარ პრიორიტეტადაა ოდითგანვე დაწესებული. დიახ, ეს ასეც არის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, მოახერხო დროისა და ენერგიის დაბალანსება ოჯახსა და საქმიანობას შორის. სწორედ ამიტომ იქცევს საქმიანი და წარმატებული ქალი ყურადღებას საზოგადოებაში, რომ ჩვენ ვახერხებთ დროისა და ენერგიის დაბალანსებას ოჯახსა და საქმიანობას შორის მეტად, ვიდრე ალბათ მამაკაცები.

მე არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს − ექიმი-ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძე. ორი მოუსვენარი და მხიარული შვილი − ნანიკო და მამია.

ნამდვილად გამიმართლა − ჩემი მეუღლე საოცრად ნიჭიერი ადამიანია, მისი პროფესიიდან გამომდინარე, ისიც მუდამ დაკავებულია, მისი საქმიანობა კი ვფიქრობ, უნიკალურია. ის ყოველთვის გაგებით ხვდება ფაქტს, რომ ბევრ დროს ვერ ვუთმობ. დავითი არაჩვეულებრივი კულინარიც გახლავთ და ამით ძალიან გვანებივრებს, ამიტომ სამზარეულოში იშვიათად ვატარებ დროს, თუმცა ნამცხვრების ცხობა უზომოდ მიყვარს.

იცით, ვერ ვიტყოდი, რომ შინ და სამსახურში განსხვავებული ვარ. შინაც ენერგიული ვარ, არ მიყვარს საქმის გადადება. ერთნაირად მომთხოვნი ვარ საკუთარი თავისა და ბავშვების მიმართაც, ისევე, როგორც სამსახურში გასაკეთებელი საქმის მიმართ. ვფიქრობ, მთავარი პრიორიტეტები, როგორიცაა გეგმის მიხედვით საქმის განხორციელება, შედეგზე ორიენტირება, მობილიზება − ორივეგან იდენტურია. ერთადერთი ისაა, რომ შინ შეიძლება მეტად მოვეშვა და რომელიღაც დეტალებს ყურადღება არ მივაქციო (მაგალითად, შემიძლია მივცე თავს უფლება და არ დავალაგო საწერი მაგიდა, თავისუფალი სტილის ტანსაცმელი ჩავიცვა და ა.შ.).

 

წყარო : OK Magazine

https://bit.ly/3fxAGyb

 

 

20
მაი
2021
phone