როგორც ვიცი კომპანია ,,დიო’’ უკვე 22 წელია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა, როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის პროდუქტებს, ამჟამად რამდენი დასახელების პროდუქტის შეძენა შეუძლია მომხმარებელს თქვენთან?
პროდუქტების მრავალფეროვნება ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, ამჟამად მომხმარებელს ,,დიო’’-ში 60 - მდე დასახელების როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის პროდუქტის შეძენა შეუძლია. პირველი პროდუქტი, ვერტიკალური ფარდა-ჟალუზი იყო, რომლის ადგილზე წარმოება დავიწყეთ. მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, ჩვენი გაყიდვების არეალი ასეთი ფართე და მრავალფეროვანი თუ გახდებოდა. ყოველწლიურად, ,,დიო’’ მინიმუმ ორ ან სამ ახალ პროდუქტს სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული პროდუქტების 90%-ზე მეტი ჩვენს საწარმოში მზადდება. ამ ყველაფერს ბუნებრივია ემატება სერვისიც, რაც პროცესის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის კომპანია არამარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში არ არსებობს. ,,დიო’’-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ფარდა-ჟალუზები, სხვადასხვა ტიპის საფარდე სისტემები, მწერებისაგან დამცავი ბადეები, ფირები, გასაჭიმი ჭერი, გარე დამცავი ჟალუზები, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, საჩრდილობელ სისტემები, პერგოლები, ქოლგები, ზამთრის ბაღის შემინვის სისტემები, სექციური კარები, შელტერები, შლაგბაუმები, ალაყაფის კარის ელექტრო მართვის სისტემები. ჩვენი სერვისით სარგებლობს როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო და იურიდიული პირები. თუ დამკვეთი დროულად, პროექტირების ეტაპზევე დაგვიკავშირდება, მაშინ შევძლებთ ჩვენი კომპანიის რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას, და ის გარანტირებულად კმაყოფილი დარჩება.
როგორც ვიცი თქვენ, ინტერიერის პროდუქტების განყოფილებას ხელმძღვანელობთ, რომელი ფარდა-ჟალუზის ტიპებია ახლა ტრენდული, რა უპირატესობებით გამოირჩევა და თუ ითვალისწინებთ მსოფლიო ტენდენციებს?
რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ. მომხმარებელი ბევრად უფრო ინფორმირებული და მომთხოვნი გახდა. 21-ე საუკუნეში ინტერნეტის ხანაში ვცხოვრობთ. გაჩნდა არქიტექტორების და დიზაინერების ახალი თაობა საინტერესო პროექტებით. საბჭოური ტიპის შენობების ნაცვლად შენდება თანამედროვე შუშის შენობები, სადაც მზისგან დამცავ საფარდე სისტემებს განსაკუთრებული როლი ენიჭება შენობის მიკროკლიმატის შექმნაში. ბოლო პერიოდში, ასეთ შენობებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება „სქრინის“ ტიპის ფარდა-როლეტები.
„სქრინი“ ეს არის ნახევრად გამჭვირვალე, ბადისებრი სპეციალიზებული ქსოვილი, რომელიც არის არააალებადი, ნესტგამძლე და აქვს პირდაპირი მზის, სითბოს და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ შესანიშნავი დამცავი მახასიათებლები. იგი გამოიყენება როგორც საცხოვრებელ ბინებში და ოფისებში, ასევე მაღალი ტენიანობის ოთახებში, ზამთრის ბაღებში, საცურაო აუზებში. რაც მთავარია, ჩამოშვებულ მდგომარეობაში იძლევა ფანჯრიდან ლამაზი ხედების ხილვის, სივრცის აღქმის საშუალებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან საკმაოდ ცხელა და სამწუხაროდ ხშირად შენობა-შენობაზეა მიდგმული, იზრდება შუქგაუმტარ საფარდე-სისტემებზე მოთხოვნა. ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად დაიცავან თავი მზისგან, უცხო თვალისგან და შექმნან მყუდრო გარემო. ამ დროს გამოიყენება სადა ფერის შუქგაუმტარი ქსოვილები, ან ქსოვილები დეკორის ელემენტებით.
ზაფხულის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა მწერებია, როგორ გვიცავს დიო მათგან?
ჩვენს კომპანიაში, მომხმარებელთა ყველა სეგმენტზე გათვლილი მწერებისგან დამცავი ბადეების ფართო არჩევანია, როგორც ტიპების, ასევე ფერების მიხედვით. ქვეყანაში ფაროსანასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო წლევანდელ წელს განსაკუთრებით მომზადებული შევხვდით. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ სტაციონარული, ანჯამაზე მოძრავი, რულონური, პლისე და სლაიდური ბადე. როგორც წესი სტაციონარული და ანჯამაზე მოძრავი ბადე დაბალბიუჯეტიანია. დანარჩენი შედარებით პრემიალურ კლასში გადის, განსაკუთრებით სლაიდური ბადე, რომელიც გათვალისწინებულია ძალიან დიდი ზომის ვიტრაჟებისთვის. განხვავებულია მოვლის წესებიც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. თუ ერთ შემთხვევაში ბადე მიკეცილია და დაცულია გარე ზემოქმედებისაგან, მეორე შემთხვევაში სასურველია ის მოვხსნათ და შევინახოთ. თუმცა პერიოდული გაწმენდა და მოვლა აუცილებელია.
როგორც ვიცი 20 წელია ,,დიო''-ს გუნდის წევრი ხართ? მოგვიყევით რამ განაპირობა თქვენი კომპანიისადმი ერთგულება?
ყველაფერი მეგობრობით დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გვეკეთებინა საერთო საქმე. ეს იყო ძალიან რთული წლები, მაგრამ ყველას გვესმოდა, რომ ვაკეთებდით ძალიან საინტერესო, ახალ საქმეს, არ გვეშინოდა გამოწვევების და მიზანდასახულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ. ყველა ბიზნეს აქვს წარმატების თავისი უნიკალური გზა. “დიო”-ს შემთხვევაში ეს არის ოჯახი და შემდეგ უკვე ბიზნესში გადატანილი ოჯახური ფასეულობები. ვისაც ქონია შეხება ჩვენს კომპანიასთან დამეთანხმება, რომ „დიო“ არის დიდი ოჯახი, საიდანაც ადამიანები ძალიან ძნელად მიდიან.
და ბოლოს, რას სიახლეებს უნდა ველოდოთ ,,დიო’’-სგან სამომავლოდ?
მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მაგრამ გეტყვით რომ სიახლე გვექნება საფარდე სისტემების და მწერებისაგან დამცავი ბადეების მიმართულებით. როგორც წესი, განახლდება კოლექციები. აგვისტოს შუა რიცხვებში ქ. თელავში იხსნება ჩვენი ახალი ფილიალი, რომელიც კახეთის რეგიონს მოემსახურება და რაც მთავარია, 2019 წლიდან სიახლეები იგეგმება კომპანიის სტრატეგიული განვითარების კუთხით, რის შესახებაც ინფორმაციას ჩვენს მომხმარებელს მოგვიანებით მივაწვდით.
გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი
რევაზ ივანიაძე
წყარო: ჟურნალი ,,რემონტი’’ (კულინ - ART) სექტემბერი-ოქტომბერი 2018