Logo
სიახლეები
თანამშრომლები
ხარისხის ნიშნის ღირსეულად ტარების 13 წელი – დიო

ხარისხის ნიშნის ღირსეულად ტარების 13 წელი – დიო

მისი ბიზნესისტორია საქართველოში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად იწყება. 1992 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამ ქართული ეკონომიკისა და ბიზნესის ვექტორები სრულიად შეცვალა.

ბიზნესის ცნება საბჭოთა მოქალაქეებისთვის ცოტა გაუგებარი და უცხოც იყო, რადგან იმ პერიოდში კერძო საკუთრება არ არსებობდა და ყველა არსებობისთვის იბრძოდა. ზოგმა შეძლო ცვლილებების განხორციელება და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლა. მათ შორის იყო ირმა დაუშვილიც. ის დღეს კომპანია ,,დიოს“ მფლობელია. უფრო მეტიც, ირმა დაუშვილი საქართველოში პირველი ქალია, ვინც გასულ წელს Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის ჯილდო მიიღო.

 

- ბიზნესის წამოწყებას წინ რა უძღოდა?

 

- იმ პერიოდში ჯანმრთელობის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში ვმუშაობდი. შემდეგ იყო შემნახველი ბანკი, რომელმაც სახე იცვალა და საკუთარი თავის დამკვიდრება თუ გატანა რთული იყო. ამიტომ, კერძო ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრი ბევრმა დავიწყეთ. საწყისი ეტაპისთვის რამდენიმე მიმართულებამ არ გაამართლა. ერთ-ერთი მეგობრის ოჯახი უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ჟალუზის ნიმუშები ჩამოტანა და საქართველოში ამის რეალიზება მთხოვა. ბევრი არც მიფიქრია, რადგან მაშინ ჩემს ირგვლივ სხვა არაფერი ჩანდა. მახსოვს, ამ წამოწყებას ჩემი მეგობრების უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებდა და ფიქრობდნენ, რომ 1994-95 წლებში ჟალუზები არავის სჭირდებოდა.

 

- ასეთ რთულ პერიოდში რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში?

 

- დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ ან სად შეიძლებოდა ჟალუზები გამეყიდა. მივხვდი, რომ ქალაქი უნდა დამეთვალიერებინა და შემესწავლა, სარემონტო სამუშაოები სად მიმდინარეობდა. მშენებლობა თუ რემონტები მწირი იყო, თუმცა პერიოდულად ჩნდებოდა მაღაზიები თუ ბანკები, რომლებსაც ვთავაზობდი ჟალუზებს. პირველი, შეკვეთა ტურისტულმა კომპანიამ მოგვცა. ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ საელჩოებთან გვეთანამშრომლა. ნელ-ნელა უცხოური კომპანიების მოძიებაც დავიწყეთ. მაშინ შემოვიდა ,,წითელი ჯვარიც“ და USAID-იც. ჩვენმა მოფიქრებამ გაამართლა. ზომებს პოლონეთსა და გერმანიაში ვაგზავნიდით, რის შემდეგაც შეკვეთა ჩამოდიოდა. ასე ნელ-ნელა გაჩნდა საქართველოში ჟალუზები და მის მიმართ ინტერესი.

 

- თქვენს ბიზნესს კომპანიის სახე როდის მიეცა?

 

- 1995 წელს ჩვენი საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობდა. ამიტომ, 1996 წელს კომპანიის დაარსება გადავწყვიტეთ. პირველი ადამიანი, ვინც დაიჯერა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, ჩემი ძმა, თამაზ დაუშვილი იყო. ისიც ჩაერთო ბიზნესში და მასთან ერთად 1996 წელს დავაარსე კომპანია ,,დიო“. ძალიან მალე ჩვენი უფროსი და, თამუნაც შემოგვიერთდა. ასე შეიქმნა დაუშვილი ირმას ორგანიზაცია - გაჩნდა იდეა, რომ კომპანიისთვის ,,დიო“ -დაგვერქვა.

 

- ბიზნესის საწყის ეტაპზე ყველაზე დიდ სირთულეს რა წარმოადგენდა?

 

- საწყის ეტაპზე ტრანპორტირება, კომუნიკაცია და პროდუქციის შემოტანა ძალიან რთული იყო. ასეთი წინააღდეგობების შედეგად, მასალის შემოტანა შეწყდა. ამიტომ წარმოებაზეც ვიფიქრე, რასაც ხალხი ირონიით უყურებდა. ფორტუნამ ამ დროსაც გამიღიმა - გერმანიის საელჩოში, სადაც შეკვეთა გვქონდა შესრულებული, მოვიდა წერილი იმის შესახებ, რომ ჟლუზების კომპანიას საქართველოში პარტნიორის მოძიება სურდა. წერილი გადმომცეს, რაზეც ბევრი ვიფიქრე, რადგან უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის გამოცდილება არ მქონდა. ამის მიუხედავად გადავწყვიტე შემოთავაზებით მესარგებლა და 1997 წელს ფრანკფურტში, ჟალუზების გამოფენაზე წავედი. იქ კიდევ უფრო კარგად გავიცანი ბიზნესი და წარმოებაც ვნახე. ვერტიკალური ჟალუზების წარმოება დასაწყისისთვის სულაც არ აღმოჩნდა რთული, რისი ტექნიკური მხარე და საწარმო განვითარებაც ჩემმა ძმამ საკუთარ თავზე აიღო. უფრო აქტიური პარტნიორობა პოლონურ კომპანიასთან შევძელით, რადგან ენობრივი ბარიერი ნაკლებად ირძნობოდა. გერმანელებთან შედარებით ფასებიც უფრო მისაღები იყო. ასე რომ პოლონურ კომპანიასთან დღემდე ვთანამშრომლობთ. პარტნიორები იტალიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებშიც გვყავს.

 

- საბოლოოდ რა სახე მიიღო ,,დიომ“?

 

- ძიების, განვითარებისა და ზრდის ეტაპები გავიარეთ. ნულოვანი კაპიტალით 3-4- მა ადამიანმა დავიწყეთ და რამდენიმე წელში საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. დაქირავებული ტერიტორიიდან, 2006 წელს საკუთარ საწარმოში გადმოვინაცვლეთ. ბათუმსა და ქუთაისში ფილიალებიც გვაქვს, რომლებიც 1997 წელს გავხსენით. 1998 წელს თელავში უკვე წარმომადგენლობაც გვქონდა. ნელ-ნელა პროდუქტების დამატებაც შევძელით. თუ თავიდან მხოლოდ ვერტიკალურს ვამზადებით, ამას მოჰყვა ჰორიზონტალური და დამცავი ჟალუზები, კარ-ფანჯრების წარმოება.

 

- დღეს რა ეტაპზეა ,,დიოს“ საქმიანობა?

 

- ,,დიო“ დღეს 60–მდე პროდუქტს ამზადებს და კიდევ ვგეგმავთ გაფართოებას. ალუმნის მიმართულებითაც გვინდა განვითარება. ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე ბევრ საინტერესო პროდუქტს წარადგენს.

 

- გასულ წელს ,,დიომ“ არაერთი ჯილდო მიიღო. ამაზე რას გვეტყვით?

 

- 2017 წელი ,,დიოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აპრილში გენდერული თანასწორობისთვის პირველი ჯილდო გადმოგვცეს. წლის ბოლოს კი ორ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. ერთ-ერთი Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის ჯილდო გახლავთ, რომელიც წელს პირველად ჩატარდა საქართველოში და პრველი ქალი ვარ ჩვენი ქვეყნიდან, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო, რაც ჩემთვის 25 წლიანი შრომის დაფასება, სტიმული და იმის რწმენაა, რომ წინ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.

 

,,თი ბი სი“ ბანკისა და ,,ჯეოსელის“ ერთობლივ, წლის ბიზნესის ნომინაციაში გავიმარჯვეთ. ,,გაუზიარე წარმატება სხვებს“ - ამ სახელწოდების კონკურსში სწორედ იმიტომ მივიღეთ მონაწილეობა, რომ გვაქვს სურვილი სხვებსაც გავუზიაროთ, როგორ აღწევენ კომპანიები წარმატებას.

 

- აღნიშნული ეტაპების გარდა, კიდევ რა განაპირობებს ,,დიოს“ წარმატებას?

 

- ეს ჩვენი მუდმივი ზრუნვაა ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე. 2004 წელს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატიც დავიმსახურეთ. 13 წელია ,,დიო“ ხარისხის ნიშანს ღირსეულად ატარებს. ქართული ხარისხის ნიშანიც გვაქვს მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ხარისხიან პროდუქტს ვაწვდით. ზოგჯერ ვცდილობთ, მათ მოლოდინსაც გადავაჭარბოთ.

 

ამ ყევლაფრის გარდა, დაარსების დღიდან დრემდე თანამშრომელთა ძლიერი გუნდი შევქმენით, რამაც ჩვენს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. თითოეული მათგანი იგივე ენთუზიაზმით, მოტივაციითა და ენერგით მუშაობს, როგორც პირველ დღეებში. გვყავს თანამშრომლები, რომლებიც კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენს გვერდით არიან და ერთად შეგვისრულდება 20 წელი. ყოველი შემომატებული ადამიანი ჩვენთვის ახალი ძალა და ენერგიაა. ,,დიოს“ ჯილდო ყველას გვეკუთვნის!

 

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

 

- საწარმოს გაფართოვებას, ახალი პროდუქტების დამატებას ვგეგმავთ. ხარისხი, რომელიც დღემდე მოვიტანეთ, გვინდა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ჩვენი მიზანია, ,,დიო“ საქართველოში მაღალი ხარისხისა და კულტურის მატარებელი იყოს.

 

ინტერვიუერი: სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალისტი.

წყარო: https://m2b.ge/post/179759-xarisxis-nisnis-rirseulad-tarebis-13-weli-dio-

15
იან
2018
phone