2018 წლის 10 იანვარს, თბილისის N64-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპანია „დიო“-ს ესტუმრნენ, სადაც მზა პროდუქციის შოურუმი და წარმოების პროცესი დაათვალიერეს.
მოზარდებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაზ დაუშვილმა უმასპინძლა, რომელიც მათ ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილებს მოხალისეობრივად უტარებდა. სწორედ ბატონმა თამაზმა შეძლო საკლასო ოთახში შეექმნა ბიზნესთან დაახლოებული გარემო და ბავშვებისათვის ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებები გაეცნო.
„დიო“-ს თანამედროვე, ტექნიკურად აღჭურვილ ახალ საწარმოში მოსწავლეები უშუალოდ პროდუქციის წარმოების პროცესს დაესწრნენ და ნახეს თითოეული პროდუქტი რა გზას გადის, სანამ მომხმარებლამდე მივა.
მოზარდებთან ერთად კომპანია „დიო“-ს საწარმოს USAID საქართველოს მისიის დირექტორი, დუგლას ბოლი და USAID საქართველოს სხვა წარმომადგენლები ეწვივნენ. მისიის დირექტორმა ბატონ თამაზს გაწეული მოხალისეობრივი საქმიანობისათვის დიდი მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.